Vettel on pole for fifth race in a row
7 მაისი

თავისუფალ პრაქტიკებზე ნაჩვენები უღიმღამო შედეგები რომ „რედ ბულისთვის“ ცუდს არაფერ მოასწავებდა, ამაში ეჭვი არავის შეპარვია. ამის დასტურად კი კვალიფიკაციის შედეგები მივიღეთ, რომლის შემდეგაც, სასტარტო მოწინავე რიგზე დადგომის უფლება, სწორედ ავსტრიული გუნდის პილოტებმა - სებასტიან ფეტელმა და მარკ უებერმა მოიპოვეს. ამასთან, ფეტელმა ამ სეზონში ყველა, ზედიზედ კი მეხუთე პოულ პოზიცია დაისაკუთრა.
მსოფლიოს გერმანელი ჩემპოიონი, მის მიერ სესიის მესამე ნაწილის შუაწელში ნაჩვენები დროით იმდენად კმაყოფილი იყო, რომ რბოლის მიწურულს, ტრასაზე არც გამოსულა. ავსტრალიელი თანაგუნდელი მას 0.405 წამით ჩამორჩა.
მოკლედ, „რედ ბულმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო თურქული რბოლის კვალიფიკაცია. საინტერესოა, რომ ისტანბულ პარკზე რბოლებს ყოველთვის ის პილოტები იგებენ, რომლებიც სტარტზე პირველ რიგში დგანან. სხვათა შორის, ფეტელმა სტარტი შარშანაც პირველი რიგიდან აიღო, მაგრამ ფინიშს იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ მიაღწია, რომ შუა რბოლაში, ლიდერობისთვის ბრძოლისას, უებერს დაეჯახა. ამ ინციდენტმა კი „მაკლარენს“ დუბლის საშუალება მისცა...

ფეტელი ამ სეზონში ყველა ეტაპის პოულს დაეუფლა
..............................
„პრაქტიკაზე არ გამიმართლა, მაგრამ დღეს ყველაფერი თავის ადგილზეა და ამით ბედნიერი ვარ. ჩემმა მექანიკოსებმა ბევრი იშრომეს და ამან შედეგი გამოიღო. დღეს მანქანა შესანიშნავად მუშაობდა“, - განაცხადა ფეტელმა.
სხვათა შორის, ის და უებერი გუნდთან წინასწარ შეთანხმდნენ, რომ თუ კვალიფიკაციის ბოლო წუთის წინ, მათ საუკეთესო შედეგები ექნებოდათ, ტრასაზე აღარ გამოვიდოდნენ და ამგვარად, საბურავების დაზოგვას შეძლებდნენ. „მაგრამ საბოლოოდ მაინც წინასწარ ვერ იტყვი, რა იქნება. თუ ასეთი ტაქტიკა გაამართლებს, გმირი გახდები, თუ არა, მაშინ წააგებ“, - დასძენს ფეტელი, ვინც კარიერაში მე-19 პოულს დაეუფლა (ერთით ნაკლები აქვს ჰამილტონს).
თუ პრაქტიკებზე ყველაზე სწრაფები „მერსედესის“ ძრავებით მოასპარეზენი იყვნენ, ამჯერად ისინი მეორე რიგიდან სტარტს დასჯერდნენ. თანაც, მესამე შედეგი სამქიმიანების ნიკო როსბერგმა აჩვენა, რაც მისთვისაც და მისი გუნდისთვისაც დიდი მიღწევაა. სხვათა შორის, როსბერგმა წამზე მეტით აჯობა თავის ტიტულოვან თანაგუნდელ მიხაელ შუმახერს, ვინც მერვე შედეგს დასჯერდა და რა ტქმა უნდა, ამით უკმაყოფილო დარჩა.
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:25.049
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:25.454
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:25.574
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.595
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:25.851
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.982
7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:26.296
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:26.646
9. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:26.659
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:26.764
12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:27.027
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:27.145
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:27.236
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:27.244
16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:27.255
17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:27.572
- - - - - - - - - -
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:28.780
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:29.673
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:30.445
21. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:30.692
22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:30.813
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:31.564
24. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) დროის გარეშე
No comments:
Post a Comment