ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, May 29, 2011

ფეტელის შეჩერება შეუძლებელია
Vettel wins crash-hit Monaco thriller
29 მაისი




მოკლედ, ისე ეტყობა, სებასტიან ფეტელის გამჩერებელი ამ სეზონში არავინ და არაფერია. ვერც მეტოქეთა თავგანწირვა, ვერც რისკიანი ტაქტიკა, კერსის გაუმართაობა, ტრასაზე პეისკარის გამოსვლა და რბოლის გაჩერებაც კი, გამარჯვებისადმი მის სწრაფვას ვერ ანელებს. მონაკოს დიდ პრიზზეც იყო შანსი იმისა, რომ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური სხვას დაეკავებინა. მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონმა საბურავების ერთადერთი კომპლექტითაც, ფინიშთან ყველას მიასწრო!
და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გუნდმა ერთ პიტსტოპიანი ტაქტიკა ფეტელისთვის შეცდომით გამოიყენა. და ამის მიზეზი, ბოქსებში გუნდის რადიოს გაუმართაობა გახდა. მე-17 წრეზე, როცა ფეტელი პირველად შევიდა ბოქსში, მას სუპერ რბილის ნაცვლად, რბილი საბურავები დაუყენეს. შესაძლოა, ამის შემდეგაც, გუნდი ორ პიტსტოპს აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რბოლის მიწურულს მომხდარი ავარიის გამო, რბოლა შეწყდა, გადაწყდა, რომ გერმანელს რეზინი მეტად აღარ შეეცვალა.



ფეტელმა ლიდერობა სწორედ მაშინ დაკარგა, როდესაც პიტსტოპი შეასრულა. თან, ამჯერად მის მექანიკოსებს ყველაფერი კარგად არ გამოუვიდათ. ბატონი მანამდე ერთი წრით ადრე იყო შესული ბოქსში და ამ ერთი წრის წყალობითაც იხეირა. ბრიტანელმა თავისუფალი სივრცე მიიღო და თანდათან გაზარდა უპირატესობა. მაგრამ მალე ტრასაზე პეისკარი გამოვიდა და ბატონმა მეორე პიტსტოპი შეასრულა, რის შემდეგაც ტრასაზე დაბრუნებული, მეორე ადგილზე აღმოჩნდა. რამდენიმე პილოტმა, მათ შორის ფეტელმა და ალონსომ, პეისკარის გამოსვლით არ ისარგებლეს და გზა გააგრძელეს. ერთი შეხედვით, ეს რისკი იყო, მაგრამ როგორ მალე გაირკვა, რისკმა გაამართლა.
რაც შეეხება პეისკარს, ის 34-ე წრეზე, მას შემდეგ გამოვიდა, რაც გვირაბში შეცდომა დაუშვა და მანქანა დაამტვრია ფელიპე მასამ. ამ შეცდომის მიზეზი კი ლუის ჰამილტონი გახდა. ჯერ იყო და, გრანდ ოტელის 180-გრადუსიან მოსახვევში, ბრიტანელმა გასწრება სცადა, თუმცა მასამ ამის საშუალება არ მისცა. მათი მანქანები ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახა. გვირაბში კი ჰამილტონმა ბრაზილიელს უკეთეს ტრაექტორიაზე შეასწრო და უკანაც ჩამოიტოვა. მასამ კი მანქანა ვერ დაიმორჩილა და ზღუდეს შეეჯახა... მოგვიანებით, გრანდ ოტელის მოსახვევში ჩატარებული მანევრის გამო, სტიუარდებმა ჰამილტონი პიტლეინზე უქმე გავლით დასაჯეს.



49-ე წრეზე ბატონი ბოქსში მესამედ შევიდა. და მართალია, იქიდან გამოსული, ტრასაზე ყველაზე სწრაფი იყო, მაგრამ როგორც ბოლოს გაირკვა, ეს იმისათვის საკმარისი არ გამოდგა, რომ წინ მიმავალი ფერნანდო ალონსო და ფეტელი ჩამოეტოვებინა. და ამაში მას ხელი ისევ პეისკარმა შეუშალა.
ტრასაზე ის მეორედ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ერთმანეთს ხაიმე ალგერსუარი და ვიტალი პეტროვი შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ პეტროვი ჰოსპიტალში წასაყვანი გახდა, თუმცა ტრავმას გადაურჩა. ავარიამ ჰამილტონის მანქანის უკანა ანტი ფრთაც დააზიანა, მაგრამ ბრიტანელს ბოქსში შესვლა აღარ დასჭირდა - სტიუარდებმა წითელი დრშები გამოფინეს - რბოლა შეჩერდა. პაუზისას ჰამილტონს ფრთა შეუკეთეს (გამოცვლა არ შეიძლებოდა). მაგრამ ეს ბრიტანელის ბოლო თავგადასავალი არ ყოფილა - რბოლის განახლებისთანავე, მან ვენესუელელ პასტორ მალდონადოს, საკმაოდ ხისტი მანევრით გაასწრო. ეს დათმობას არ აპირებდა და მათ შორის კონტაქტი მოხდა, რამაც სამხრეთამერიკელს მართვა დააკარგვინა და ის ფოლადის ზღუდეს შეეჯახა...



მოგვიანებით, ჰამილტონი ამ ავარიის გამოც დაისაჯა - სტიუარდებმა მის შედეგს 20 საჯარიმო წამი დაამატეს, თუმცა იმის გამო, რომ ბრიტანელმა რბოლა გამარჯვებულის წრეზე დაასრულა, მან დაკავებული მეექვსე ადგილი შეინარჩუნა. ბოლოსწინა წრეზე, მარკ უებერმა იაპონელ კამუი კობაიაშის გაასწრო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ამის მიუხედავად, კობაიაში მაინც რბოლის ერთ-ერთ გმირად შეიძლება ჩაითვალოს - ურთულესი რბოლა მან მე-13 პოზიციიდან დაიწყო და მეხუთეზე დაასრულა. უებერმა კი ამის შემდგ, რბოლის უსწრაფესი წრეც დააფიქსირა... ფეტელმა, ალონსომ და ბატონმა კი ამავე თანმიმდევრობით გადაკვეთეს ფინიშის ხაზი.



„ძალიან მიყვარს გამარჯვება. შესანიშნავი მანქანით ვასპარეზობ და რამდენჯერმე იოლად მოვიგე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სხვა უფრო სწრაფია და მაინც ვახერხებ მოგებას. ეს წარმოუდგენელია“, - რბოლის შემდეგ ხარობდა ფეტელი, ვინც მონაკოში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჯილდოც ქალაქ-სახელმწიფოს მმართველისგან - პრინც ალბერისგან მიიღო.
ალონსოს მეორე ადგილი, ამ სეზონში „ფერარისთვის“ საუკეთესო შედეგია, თუმცა ესპანელმა განაცხადა, რომ რბოლის გაუჩერებლად, გამარჯვება მას დარჩებოდა. პაუზის დროს, ყველა პილოტმა შეცვალა საბურავი. ალონსო თვლის, რომ ბოლო წრეებზე, ფეტელის საბურავები ვეღარ გაუძლებდა. ყოველ შემთხვევაში, ის გასწრებას ეცდებოდა. „მე დასაკარგი არაფერი მქონდა და თუ შევეჯახებოდით, არც მაგაზე ვიდარდებდი“, - ნარბოლევს განაცხადა ალონსომ.
ამ სეზონში პირველი ქულები მოიპოვა „უილიამსმა“. მართალია, მალდონადომ ფინიშს ვერ მიაღწია, მაგრამ სამაგიეროდ, მეცხრე ადგილი დაიკავა რუბენს ბარიკელომ, რისთვისაც მან ორი ქულა მიიღო.


მონაკოს დიდი პრიზი
მონტე კარლო. ტრასის სიგრძე 3.340 კმ, დისტანცია 260.520 კმ (78 წრე)

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 2:09:38.373
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) +00:01.138
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:02.378
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:23.101
5. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:26.916
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:27.210
7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1 წრე
9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე
11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 2 წრე
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 2 წრე
13. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2 წრე
14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2 წრე
15. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 3 წრე
16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 3 წრე
17. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 4 წრე
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 5 წრე
გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 11 წრე
გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 12 წრე
გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 46 წრე
გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 46 წრე
გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 48 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:16.234, 78-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 143 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 85; 3. მარკ უებერი - 79; 4. ჯენსონ ბატონი - 76; 5. ფერნანდო ალონსო - 69; 6. ნიკ ჰაიდფელდი - 29; 7. ნიკო როსბერგი - 26; 8. ფელიპე მასა - 24; 9. ვიტალი პეტროვი - 21; 10. კამუი კობაიაში - 19; 11. მიხაელ შუმახერი - 14; 12. ადრიან სუტილი - 8; 13. სებასტიან ბუემი - 7;
14. რუბენს ბარიკელო - 2; 15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) - 2; 16. პოლ დი რესტა - 2

კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 222 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 161; 3. ფერარი - 93; 4. რენო - 50; 5. მერსედესი - 40; 6. ზაუბერ-ფერარი - 21; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 10; 8. ტორო როსო-ფერარი - 7; 9. უილიამს-კოსუორტი - 2

No comments:

Post a Comment