კუბიცა წელს ვერ დაბრუნდება
Renault: Kubica unlikely to race in 2011
24 მაისი

„რენოს“ გუნდის მფლობელმა ჟერარ ლოპესმა განაცხადა, რომ ამ სეზონში რობერტ კუბიცას დაბრუნება ნაკლებად შესაძლებელია და მაქსიმუმი, რაც შეიძლება პოლონელმა პილოტმა შეძლოს ისაა, რომ სეზონის ბოლო ეტაპებზე, თავისუფალ პრაქტიკებზე იასპარეზოს და ასე ძველი ჩვევები აღიდგინოს.
მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, კუბიცამ მეორეხარისხოვანი რალის რბოლაში მიიღო მძიმე ტრავმები, რომლებსაც ჯერ იტალიაში მკურნალობდა, ამჟამად კი სარეაბილიტაციო კურსს შინ გადის. განსაკუთრებით მძიმედ მას მარჯვენა ხელის მაჯა და იდაყვი დაუზიანდა. იყო იმის ალბათობაც, რომ მაჯაში ხელის ამპუტაცია გამხდარიყო საჭირო.
ექიმები ამბობენ, რომ მხოლოდ ზაფხულის ბოლოს შეძლებენ იმის თქმას, როდის შეძლებს კუბიცა ფ1-ში დაბრუნებას და საერთოდ, შეძლებს თუ არა. ლოპესი კი ამბობს, რომ პოლონელისთვის მისი გუნდის კარი ღიაა. თუმცა იმაშიც დარწმუნებულია, რომ ამ სეზონში კუბიცა რბოლებს ვერ დაუბრუნდება.
„რობერტი საშინელ ავარიას გადაურჩა, თუმცა ახლა უფრო ძნელი პერიოდი აქვს გასავლელი, რომლის დროსაც გაირკვევა, შეძლებს თუ არა სრულად გამოჯანმრთელებას. ეს ჯერ არც მან, არც ექიმებმა და არც ჩვენ ვიცით“, - ამბობს ლოპესი და დასძენს, რომ მიმდინარე სეზონში, თავისი გუნდის შედეგებით კმაყოფილი არაა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც სეზონი იმედისმომცემად დაიწყო - პირველ ორ რბოლაში, ვიტალი პეტროვმა და ნიკ ჰაიდფელდმა თითო მესამე ადგილი დაიკავეს.
ლოპესი აღნიშნავს, რომ ესპანეთში პეტროვის მიერ კვალიფიკაციაზე ნაჩვენები შედეგი მანქანის სოლიდურ შესაძლებლობებზე მიანიშნებს, მაგრამ ამ პოტენციალის რბოლაში გამოყენება არ ხერხდება.
No comments:
Post a Comment