ფორმულა 1 არ იყიდება
CVC insists Formula 1 not for sale
4 მაისი

ფორმულა ერთის კომერვიულ უფლებათა მფლობელმა, ბრიტანულმა საინვესტიციო კომპანია „CVC კეპიტალ პარტნერზმა“ გამოაცხადა, რომ არ აპირებს სპორტის ამ სახეობის გაყიდვას და ამით დააცხრო ის ვნებათაღელვა, რომელიც მედიაჯგუფ „ნიუსკორპისა“ და იტალიურ საინვესტიციო კომპანია EXOR-ის ფ1-ით ერთობლივმა დაინტერესებამ გამოიწვია.
„CVC კეპიტალ პარტნერზმა“ დაადასტურა, რომ ჯეიმს მერდოკის კომპანიისგან „მეგობრული“ შეთავაზება მიიღო, თუმცა მასვე პასუხად თავაზიანი უარი შესთავაზა, რაც სათანადოდ იქნა გაგებული. ამასთან, ფ1-ის მფლობელმა ისიც დასძინა, რომ გაცნობიერებული აქვს „ნიუს კორპის“ და EXOR-ის ავტორიტეტი და მათ, როგორც პოტენციურ ინვესტორებს, აღიქვამს.
„ჯეიმს მერდოკმა გვამცნო, რომ მისი შემოთავაზება მეგობრულია და ის ჯერ მხოლოდ წინასწარ ფაზაშია. მათ კარგად გააცნობიერეს ისიც, რომ ამ ეტაპზე, ფორმულა 1 არ იყიდება. ისინი მაღალი დონის, სანდო ინვესტორები არიან, თუმცა ფ1-ში ნებისმიერ ინვესტიციას, CVC-ს თანხმობა სჭირდება და რა თქმა უნდა, ინვესტორმა წინასწარ უნდა დაგვარწმუნოს იმაში, რომ მათი საქმიანობა სპორტის ინტერესებს ემსახურება“, - ნათქვამია CVC-ს განცხადებაში.
სხვათა შორის, კომპანია EXOR-ი „ფიატ-ის“ უმსხვილესი აქციონერია და ის ანიელის ოჯახს ეკუთვნის. სწორედ დიდი ჯოვანი ანიელის შთამომავალია ჯონ ელკანი (ფოტოზე, ფერარის პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოსთან ერთად), ვისაც ტურინული კონცერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის და EXOR-ის მთავარი აღმასრულებლის პოსტები უკავია. ის ასევე არის გამოცემა „ლა სტამპას“ აღმასრულებელი. „ფიატ-იდან“ გამომდინარე, ის „ფერარის“ თანამფლობელიცაა. ამასთან, EXOR-ს ეკუთვნის საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსიც“.
No comments:
Post a Comment