”მერსედესი” და ”პეტრონასი” დაძმობილდნენ
Mercedes signs Petronas as title sponsor
21 დეკემბერი
”მერსედეს გრან პრიმ” და მალაიზიურმა ნავთობგიგანტმა ”პეტრონასმა” გრძელვადიანი სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც, მალაიზიური კომპანია, რომელიც ქვეყნის მთავრობის კუთვნილებაა, გერმანული გუნდის ტიტულოვანი სპონსორი გახდება.
ყველა ელოდა, რომ ”პეტრონასი”, რომელიც აქამდე ”ბეემვე ზაუბერის” სპონსორი იყო, თავის ფინანსურ რესურსებს ფორმულა ერთის დებიუტანტ ”ლოტუსს” მოახმარდა - ”ლოტუსი” მალაიზიურ ავტომწარმოებელ ”პროტონის” ჯგუფში შედის და მისი გუნდი მალაიზიის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს. და თითქოს, მალაიზიური ალიანსი ყველაზე რეალურად მოჩანდა, მაგრამ ”პეტრონასმა” უფრო ძლიერ გუნდთან ურთიერთობა ამჯობინა. მისმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ აპირებს ”ლოტუსთან” თანამშრომლობას, თუმცა მალაიზიის დიდი პრიზის ტიტულოვან სპონსორად მაინც დარჩება.
გუნდმა უკვე გამოაქვეყნა თავისი ბოლიდის კონცეპტუალური ვარიანტის სურათები, თუმცა როგორც მისი შეფი როს ბრაუნი აცხადებს, მანქანის გაფორმების რეალურ სურათს გუნდის ოფიციალურ პრეზენტაციაზე ვნახავთ. რის შემდეგაც, 1 თებერვალს, ის ვალენსიაში ტესტირებას შეუდგება.
”მოხარულნი ვართ, დავადასტუროთ, რომ მომავალი სეზონიდან, ჩვენი გუნდის ტიტულოვანი სპონსორი ”პეტრონასი” იქნება. ახალი სეზონისთვის მზადების პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მანქანა ვალენსიაში ტესტებისთვის დროულად მომზადდება და პირველივე ტესტებზე, მას ”ვერცხლისფერი ისრისა” და ”პეტრონასის” ფერებში გამოწყობილს იხილავთ”, - განაცხადა ბრაუნმა.
მალაიზიური კომპანია იმედოვნებს, რომ სახელგანთქმულ და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ავტობრენდთან თანამშრომლობა, ”პეტრონასს” უფრო ცნობად კომპანიად გადააქცევს, რაც მის ბიზნესზე დადებითად იმოქმედებს. ამის საწინდარი კი ისაა, რომ მისი სახელი გერმანული გუნდის ოფიციალურ სახელწოდებაში შევა. ამიერიდან, ”სამქიმიანების” საჯინიბო ოფიციალურად მოიხსენიება, როგორც ”მერსედეს GP პეტრონას ფორმულა ვან ტიმ”. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ”პეტრონასის” ლოგო გუნდის ბოლიდის ყველაზე თვალსაჩინო ადგილებზე გამოჩნდება.
”მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ ახალი სეზონიდან ახალი ტიტულოვანი სპონსორი გვეყოლება. ”მერსედეს-ბენცისა” და ”პეტრონასის” თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება როგორც ტრასებზე, ასევე მის მიღმაც. მალაიზიურ კომპანიას თავისი ბიზნესის მთელ მსოფლიოში სტაბილურად განვითარების საშუალება მიეცემა, ჩვენ კი მისი მხარდაჭერით, წინსვლისთვის სოლიდურ ბაზას მივიღებთ”, - ამბობს ”მერსედეს მოტორშპორტის” ვიცე პრეზიდენტი ნორბერტ ჰაუგი.
არაოფიციალური ინფორმაციით, ”პეტრონასთან” გაფორმებული კონტრაქტი სეზონში ”მერსედეს GP-ს” 30 მილიონ ევროს მოუტანს. ამგვარად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემპიონობისთვის ”ბრაუნმა” 50 მილიონი დაიმსახურა, გამოდის, რომ ”მერსედესის” და სხვა სპონსორების ინვესტიციების გარეშე, გერმანული გუნდის ბიუჯეტი 80 მილიონ ევროს აღწევს.
ბევრი მიმომხილველის აზრით, ”პეტრონასი” ”მერსედესის” გუნდით იმიტომ დაუკავშირდა, რომ მალაიზიური კომპანია მიხაელ შუმახერის დაბრუნებას ელის. სხვა მოსაზრებით, ამიერიდან, შტუტგარტული გიგანტის ყველა ავტომობილი ამიერიდან ”პეტრონასის” წარმოების ზეთებით გაეწყობა, რაც მალაიზიურ ნავთობგიგანტს დიდ მოგებას მოუტანს.
No comments:
Post a Comment