ფორმულა 1-ში ქულების ახალი სისტემა დამტკიცდა
FIA announces new F1 points system
11 დეკემბერი
მომავალ, 2010 წლის სეზონში, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატზე ქულების დარიცხვის ახალი სისტემა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, რბოლებში ათი საუკეთესო პილოტი მიიღებს ქულებს. ორნახევარჯერ იზრდება პირველი სამეულის შეფასება - გამარჯვებული 25 ქულას მიიღებს, მეორეადგილოსანი 20 ქულას, მესამეზე გასული კი - 15 ქულას. სულ კი ქულები ასე განაწილდება - 25-20-15-10-8-6-5-3-2-1.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოტორ სპორტის მსოფლიო საბჭომ, ქულების სისტემის შეცვლა შემდეგნაირად ახსნა: ”რამდენადაც გუნდების რაოდენობა 13-მდე იზრდება, პილოტებისა კი - 26-მდე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დავაკმაყოფილოთ ფ1-ის კომისიის რეკომენდაცია და 2010 წლის სეზონიდან, ქულების ახალი სისტემა შემოვიღოთ”.
ახალი სისტემა, პირველ რიგში, მოწინავე სამ ადგილზე გასულების გარჯას უკეთ დააფასებს, თუმცა ის ასევე სტიმული იქნება ახალი გუნდებისთვის, რომლებსაც ქულებისთვის ბრძოლის შანსი მიეცემათ.
ამგვარად, ფორმულა 1-ის ისტორიაში, ქულების სისტემა ყველაზე რადიკალურად შეიცვალა. ბოლო ოც წელიწადში, პირველად ქულების სისტემა 1991 წელს შეიცვალა, როცა გამარჯვებულისთვის 9-ის ნაცვლად, 10 ქულა დაწესდა. 2003 წელს ქულების არეალი რვა მოწინავე ადგილამდე გაიზარდა, მეორე ადგილის შეფასება კი 6-დან 8 ქულამდე გაიზარდა.
საინტერესოა, რომ ეს ეს ცვლილება სამი წლით ადრე რომ განხორციელებულიყო, ჩემპიონატის საბოლოო შედეგები პრაქტიკულად არ შეიცვლებოდა - 2007 წელს ჩემპიონი მაინც კიმი რაიკონენი გახდებოდა, 2008 წელს ტიტულს ლუის ჰამილტონი დაეუფლებოდა, გასულ სეზონში კი პირველ ადგილს ჯენსონ ბატონი დაეუფლებოდა.
გასულ სეზონში პილოტებს ქულები შემდეგნაირად დაერიცხებოდათ: ჯენსონ ბატონი - 243 ქულა, სებასტიან ფეტელი - 203, რუბენს ბარიკელო - 187, მარკ უებერი - 178, ლუის ჰამილტონი - 123, კიმი რაიკონენი - 119 და ასე შემდეგ.
2008 წელს ჰამილტონს 240 ქულა დაუგროვდებოდა, ფელიპე მასას კი - 239.
2007 წელს, რაიკონენი ჩემპიონი 271 ქულით გახდებოდა, ჰამილტონი მას ისევ ერთი ქულით (270) ჩამორჩებოდა, მესამეზე კი 268 ქულით ფერნანდო ალონსო გავიდოდა.
არც 2003 წლის ჩემიონი შეიცვლებოდა - მიხაელ შუმახერი 225 ქულას მიიღებდა და 4 ქულით ჩამოიტოვებდა რაიკონენს.
სამაგიეროდ, ახალი სისტემა 1999 წლის ჩემპიონს შეცვლიდა. ედი ირვინი 230 ქულას მოაგროვებდა და 12 ქულით ჩამოიტოვებდა მიკა ჰაკინენს. ისე კი, ირვინი ჩემპიონი იმ შემთხვევაშიც გახდებოდა, თუ იმ დროს 2003 წელს შემოღებული სისტემა იმოქმედებდა.
კიდევ ერთი რამ, რასაც ქულების ახალი სისტემა შეცვლის ისაა, რომ აზრი დაეკარგება პილოტის ბიოგრაფიაში, მის მიერ კარიერის განმავლობაში დაგროვებული ქულების მნიშვნელობას. მაგალითად, აირტონ სენას კარიერის განმავლობაში 614 ქულა აქვს დაგროვებული, ნაიჯელ მენსელის ანგარიშზე 482 ქულაა, ჯეკი სტიუარტისა კი - 360 ქულა. დღეს კი, ყველა ამ მიღწევის გაუმჯობესება ნებისმიერ ახალბედას, სულ სამ სეზონში შეუძლიათ ისე, რომ დიდი მიღწევებიც არ ჰქონდეთ. მაინცდამაინც რთული საქმე არც შუმახერის მიღწევის (1369 ქულა) გაუმჯობესება იქნება.
სხვათა შორის, კარიერაში დაგროვილი ქულები ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არც ადრე ყოფილა, რადგან თუ ფორმულა 1-ის პირველ სეზონში მხოლოდ 7 ეტაპი ჩატარდა, 2005 წელს რბოლების რაოდენობა 19 იყო და ბუნებრივია, თანამედროვე პილოტებს გაცილებით მეტი ქულის დაგროვების საშუალება აქვთ, ვიდრე 50-იანი და 60-იანი წლების პილოტებს ჰქონდათ.
No comments:
Post a Comment