ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, December 17, 2009

გაიცანით - ”ვირჯინ რეისინგი”

Virgin Racing

16 დეკემბერი

სურათზე (მარცხნიდან): გლოკი, ბრენსონი, უირტი და დი გრასი

...............................................................................

”ფორმულა 1-ის” ახალმა გუნდმა, ინგლისურმა ”ვირჯინ რეისინგმა” (მას განაცხადი მეინორის სახელით აქვს გაკეთებული) თავისი პილოტების ვინაობა დაასახელა. ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე, გუნდის მეპატრონემ, ინგლისელმა მილიარდერმა და თავგადასავლების მოყვარულმა სერ რიჩარდ ბრენსონმა გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, მისი გუნდის ღირსებას გერმანელი ტიმო გლოკი და ბრაზილიელი ლუკას დი გრასი დაიცავენ.

გლოკი ფორმულა 1-ში დიდი ხნის გაშინაურებულია. მისი დებიუტი 2004 წელს, ”ჯორდანში” შედგა. მაშინ მან მხოლოდ ოთხ რბოლაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ, გარემოებათა გამო, სხვა სერიებში მოუწია გამოსვლამ, მაგრამ 2008 წელს ფ1-ში დაბრუნდა და კონტრაქტი ”ტოიოტასთან” გააფორმა.

დი გრასი დიდი პრიზების ცირკში პირველად იასპარეზებს. თუმცა, ისიც სღსანიშნავია, რომ მისთვის ფორმულა 1-ის ბოლიდი კარგადაა ნაცნობი - 2005-დან 2008 წლამდე მას ”რენოსა” და ”ჰონდას” ბოლიდების ტესტირებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და საერთო ჯამში, ტესტებზე 4 400 კილომეტრზე მეტის გავლა მოასწრო. პარალელურად, დი გრასი სერია GP2-შიც მონაწილეობდა, სადაც 2007 წელს ტიტულისთვისაც იბრძოდა, მაგრამ გლოკთან ბრძოლაში დამარცხდა.

რაც შეეხება სარეზერვო და ტესტ პილოტის პოსტს, მას 25 წლის პორტუგალიელი ალვარუ პარენტე დაიკავებს.

პრესკონფერენციაზე, ”ვირჯინ რეისინგის” ტექნიკურმა დირექტორმა ნიკ უირტმა განაცხადა, რომ სარბოლი მანქანის შექმნის პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და რომ ის ტრასაზე გამოსასვლელად, მზად თებერვალში იქნება.

მანქანის შექმნისას, უირტი გამოთვლითი ჰიდროდინამიკის მეთოდოლოგიას იყენებს და დარწმუნებულია, რომ ასეთი ტექნოლოგია უკვე საკმაოდ დახვეწილია იმისათვის, რომ მანქანის და მისი ცალკეული კომპონენტების აეროდინამიკურ მილში გამოცდა აღარ გახდეს საჭირო.

სხვათა შორის, უირტს და მის კომპანია ”უირტ რისერჩს” გამოთვლითი ჰიდროდინამიკის ტექნოლოგიის გამოყენების კარგი გამოცდილება აქვს. ამ მეთოდოლოგიით, მან კომპანია ”აკურას” (ჰონდას ამერიკული ბრენდი) საქარხნო გუნდს სპორტული პროტოტიპი დაუმზადა, რომელსაც ამერიკული ლე მანის სერიაში არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ისევე როგორც ”ლოტუსი”, ”ვირჯინ რეისინგიც” თავის პირველ სეზონში, მთავარ მიზნად, ახალბედებს შორის საუკეთესო შედეგის ჩვენებას ისახავს. გუნდის სპორტული დირექტორი ჯონ ბუტი ამბობს, რომ ”ვირჯინ რეისინგი” პირველივე სეზონში მოიპოვებს ”ძველებისგან” პატივისცემას. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, მთავარი იარაღი უირტის მიერ დაპროექტებული ბოლიდი - VR-01 იქნება.

ბუტის თქმით, სტაბილურიბა, უსაფრთხოება და ეფექტურობა - ესაა სამი მთავარი კომპონენტი, რომლებმაც ”ვირჯინ რეისინგის” განვითარებას საფუძველი უნდა დაუდოს. ”მთავარია, ჩამოვყალიბდეთ, როგორც გუნდი. თუ ეს შევძელით, მაშინ შედეგებზე ორიენტირების დროც დაგვიდგება. ამ სეზონში ჩვენი ამოცანა ის იქნება, რომ ახალბედებს შორის საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ”, - ამბობს ბუტი.

პრესკონფერენციაზე, ბრენსონმა თავისი გუნდის მიზნის ჩამოყალიბებისთვის, ბიბლიური პერსონაჟები და სიუჟეტი გამოიყენა: ”გასულ სეზონში, ”ბრაუნმა” სეზონი დავითის როლში დაიწყო, ჩემპიონატი კი, როგორც გოლიათმა, ისე დაასრულა. ჩვენ ვეძებდით ახალ გუნდს, რომელსაც დავითის როლი მიესადაგებოდა და ის ვიპოვნეთ კიდეც. ახლა საინტერესოა, რას მივაღწევთ. მომავალი სეზონიდან, ფორმულა 1-ში ახალი ერა იწყება - ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯები მცირდება. და შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენს გუნდს ფ1-ში ყველაზე მცირე ბიუჯეტი ექნება”.

No comments:

Post a Comment