”ზაუბერი” ფორმულა 1-ს დაუბრუნდა
Sauber confirmed as 13th Formula 1 team
4 დეკემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ფორმულა 1-ის მე-13 გუნდად შვეიცარიული ”ზაუბერი” დაამტკიცა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატიდან გასული ”ტოიოტას” ადგილს დაიკავებს.
”FIA-მ ”ბეემვე ზაუბერს” წერილობით შეატყობინა, რომ მისი განაცხადი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაკმაყოფილებულია. სუბიექტი, რომელსაც თანხმობის ხელშეკრულებაზე ”ბეემვე ზაუბერის” სახელით აქვს ხელი მოწერილი, ჩემპიონატიდან გასული ”ტოიოტას” ადგილს დაიკავებს”, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში, სადაც ”ზაუბერი” ჯერაც მისი ძველი სახელით - ”ბეემვე ზაუბერად” არის მოხსენიებული.
მიუნხენურმა ავტომწარმოებელმა ”ზაუბერის” აქციების 80 პროცენტი 2005 წელს შეიძინა, მაგრამ გასული სეზონის მსვლელობისას, კერძოდ კი ივლისში, როდესაც თანხმობის ახალი ხელშეკრულება ჯერაც არ იყო გაფორმებული, მსოფლიო ჩემპიონატიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. რამდენადაც დოკუმენტზე გუნდის წარმომადგენლის ხელმოწერა არ დაფიქსირებულა, გუნდმაც ფ1-ში ადგილი დაკარგა და ”ტოიოტა” რომ დარჩენილიყო, ”ზაუბერს” მერმის სტარტზე ვერ ვიხილავდით.
რამდენიმე დღის წინ, ”ბეემვემ” პეტერ ზაუბერს ის აქციები უკანვე მიჰყიდა, რომლებიც ხუთი წლის წინ ჰქონდა ნაყიდი. . არადა, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ამ აქციების შეძენა შვეიცარიულ საინვესტიციო ჯგუფ ”ქადბაკს” სურდა. თავად ”ზაუბერის” ადგილი კი ფორმულა 1-ში დაბრუნებულმა ინგლისურმა (მალაიზიური ”პროტონის” მფლობელობაში მყოფმა) ”ლოტუსმა” დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ ”ტოიოტამ” ფ1-დან გასვლის განცხადება გასული სეზონის ბოლო ეტაპის, აბუ დაბის დიდი პრიზის შემდეგ გამოაცხადა, მაგრამ FIA-მ ”ზაუბერის” საკითხი მაინც ღიად მანამ დატოვა, სანამ ”ტოიოტა” თავის გადაწყვეტილებას ოფიციალურად, წერილობით დაადასტურებდა.
სხვათა შორის, ”ზაუბერს” ”ფერარისთან” უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, მომავალ სეზონში, იტალიური კომპანიის ძრავებს გამოიყენებს. ამ ორი გუნდის თანამშრომლობა ახალი არაა. შვეიცარიელები იტალიურ ძრავებს მანამდეც იყენებდნენ, სანამ გუნდს ”ბეემვე” შეიძენდა.
”ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ FIA-მ ჩვენ გუნდს მე-13 ადგილი მიანიჭეს. ამგვარად, გაურკვევლობის პერიოდი დასრულდა და ჩვენც მუშაობის საშუალება მოგვეცემა. ახლა მთელ ყურადღებას მომავალი სეზონისთვის მზადებას დავუთმობთ. ეჭვიც არ გვეპარება იმაში, რომ პეტერ საუბერი და მისი გუნდი ღირსეულად გამოსვლას შეძლებენ. გვინდა, მათ წარმატებნები ვუსურვოთ”, - განაცხადა ”ბეემვე ზაუბერის” შეფმა მარიო თაისენმა.
No comments:
Post a Comment