შუმახერი ცალი ფეხით ”მერსედესშია”
Schumacher reveals comeback is close
18 დეკემბერი
ახლა უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ფორმულა 1-ში მიხაელ შუმახერის დაბრუნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და მიუხედავად იმისა, რომ ”მერსედეს-ბენცმა” რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, მეორე პილოტის ვინაობას ახალი წლის შემდეგ გამცნობთო, დიდია შანსი იმისა, რომ ეს შობის დღესასწაულამდე მოხდეს. პილოტის გვარი კი მიხაელ შუმახერი იქნება.
გიშინ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ”ფერარის” პრეზიდენტ ლუკა კორდერო დი მონტეძემოლოს დაურეკა და განუცხადა, რომ ”ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ის მომავალ სეზონში ”მერსედეს-ბენცის” გუნდში იასპარეზებს”. ეს ინფორმაცია თავად დი მონტეძემოლომ გაავრცელა, რაც იმას ნიშნავს, რომ შუმისა და ”სამქიმიანებს” შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ალბათ, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილიცაა.
მართალია, ჯერ არც შუმახერი და არც შტუტგარტელები ამ თემაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ დი მონტეძემოლომ ფიორანოში, ჟურნალისტებისთვის საშობაო ლანჩი გამართა, რომელზეც სწორედ ”მერსედესში” შუმახერის შესაძლო გადასვლაზე გაამახვილა ყურადღება.
”აბუ დაბის რბოლის შემდეგ, შუმახერთან არ მისაუბრია, მაგრამ გუშინ ჩვენ ტელეფონით ვილაპარაკეთ. მან დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ის ”მერსედესში” გადავა. თუმცა იქვე დასძინა, რომ ჯერ ეს 100 პროცენტით გადაწყვეტილი არაა”, - ამბობს დი მონტეძემოლო და დასძენს, რომ ”ფერარი” შუმახერს ახლახან გაგრძელებული კონტრაქტით არ დააკავებს და თუ შუმის სურვილი ექნება, ამ კონტრაქტის დარღვევას წინ არ აღუდგება.
ინგლისურმა ჟურნალმა ”ავტოსპორტმა” მოიპოვა სანდო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შუმახერსა და ”სამქიმიანებს” შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. ახლა ჯერი შუმახერის სამედიცინო შემოწმებაზეღაა და თუ ექსპერტები იტყვიან, რომ მან კისრის ტრავმა ბოლომდე მოიშუშა, მაშინ კონტრაქტიც ოფიციალურად გაფორმდება.
როგორც ცნობილია, შუმიმ კისრის ტრავმა ამ წლის დასაწყისში, მოტობაიკით ავარიისას მიიღო. სწორედ ეს ტრავმა გახდა იმის ძირითადი მიზეზი, რომ გერმანელმა პილოტმა აგვისტოში ფ1-ში დაბრუნებისგან თავი შეიკავა.
დი მონტეძემოლო ამბობს, რომ ”მერსედესში” გადასვლის შემთხვევაში, ჩვენ ”ახალ შუმახერს” ვიხილავთ. ”ნამდვილმა მიხაელ შუმახერმა მითხრა, რომ თავის სპორტულ კარიერას ”ფერარიში” დაასრულებდა”, - ამბობს ლუკა.
კითხვაზე, რა უპასუხა შუმახერს სატელეფონო საუბრისას, დი მონტეძემოლომ მცირე პაუზის შემდეგ უპასუხა: ”არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც ადამიანთან დიდხანს თანამშრომლობ - ჩვენ და მიხაელს 1995 წლიდან, 14 წლის განმავლობაში გვაკავშირებს საერთო მიზნები, ეს ურთიერთობა მეგობრობად ყალიბდება. მეგობარს შეიძლება რამეში დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ მეგობრობა რჩება. მე ვერ დავივიწყებ იმას, რაც მან ”ფერარისთვის” გააკეთა და ვერც ის დაივიწყებს იმას, რაც ჩვენ მისთვის გავაკეთეთ”.
დი მონტეძემოლო ასევე შეეხე იმ ფაქტს, რომ გასული სეზონი ”ფერარისთვის” მეტად წარუმატებელი იყო, რადგან გუნდმა რეალური მეტოქეობა ვერ გაუწია ლიდერებს - ”ბრაუნსა” და ”რედ ბულს”.
”ჩვენი მანქანის არქიტექტურაში ყველაფერი - გადაცემათა კოლოფის ზომები, საკიდარი და ყველა დანარჩენი ელემენტი, ტექნიკური რეგლამენტის განსხვავებულ ინტერპრეტაციას ეყრდნობოდა. მაგრამ ჩვენ ბოლო რბოლის ბოლო მოსახვევამდე ვიბრძოლეთ. რაც შევძელით, ეს მაქსიმუმი იყო”, ამბობს დი მონტეძემოლო და დასძენს, რომ გასულ სეზონში ის ახლოს იყო გადაწყვეტილებასთან, ”ფერარი” მსოფლიო ჩემპიონატიდან გაეყვანა.
”რაც მე ”ფერარის” ხელმძღვანელი ვარ, 1991 წლიდან, ასე არასდროს მდომებია გუნდის ფ1-დან გამოყვანა. უბრალოდ, დირექტორთა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მეტისმეტად დიდი იყო იმის ალბათობა, რომ იმ პოლიტიკურ პოლემიკაში, რასაც შუა სეზონში ჰქონდა ადგილი, წაგებული დავრჩებოდით. ახლა კი ღმერთს მადლობას ვწირავ იმისათვის, რომ კრიზისი ყველასათვის უმტკივნეულოდ მოგვარდა. თუმცა, ”ტოიოტას” და ”ბეემვეს” წასვლით, სპორტმა ბევრი დაკარგა”, - ამბობს დი მონტეძემოლო.
No comments:
Post a Comment