ჰილის აზრით, შუმახერი წარმატებას ახლაც მიაღწევს
Hill: Schumacher could still succeed in F1
12 დეკემბერი
მსოფლიოს 1996 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი დეიმონ ჰილი დარწმუნებულია, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნების შემთხვევაში, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კვლავაც შეძლებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას.
ჰილსა და შუმახერს ტიტულისთვის 1994 და 1995 წლებში უშეღავათო ბრძოლები ჰქონდათ და ორივე შემთხვევაში, გამარჯვებული გერმანელი დარჩა, რომელიც მაშინ ”ბენეტონის” (ახლანდელი რენო) ბოლიდით ასპარეზობდა. თუმცა, როდესაც ის ნაკლებად კონკურენტუნარიან ”ფერარიში” გადავიდა (1996 წელს) ჰილის (უილიამს-რენო) რევანშმაც არ დააყოვნა.
გაზეთ ”ტაიმსის” სვეტში ჰილი წერს, რომ თუ მას 37 წლის ასაკში, ”ჯორდანის” მანქანით შეეძლო რბოლის მოგება, 41 წლის შუმახერისთვის ”მერსედესით” გამარჯვებისთვის ბრძოლა მიუწვდომელი ოცნება სულაც არ იქნება.
”არ მგონია, შუმახერისთვის დაბრუნება შეცდომა იყოს. მე თუ 37 წლისას შემეძლო, ”ჯორდანით” გამარჯვებისთვის მებრძოლა, როს ბრაუნის მანქანით რბოლის მოგება 41 წლის მიხაელისთვის პრობლემა არ უნდა იყოს”, - წერს ჰილი და დასძენს:
”როსმა გასული სეზონი მოიგო და მომავალ სეზონშიც კონკურენტუნარიანი მანქანა ექნება. რაც შეეხება მიხაელ შუმახერს, მას ბრძოლის ჟინი არასდროს დააკლდება და რაც მთავარია, ახლაც შესანიშნავ ფორმაშია. მან თავისი ცხოვრება რბოლებს მიუძღვნა და ის ფაქტი, რომ შარშან მოტორბოლებში მიიღო მონაწილეობა, აშკარად მიგვანიშნებს - სიჩქარე მას სისხლში აქვს”.
ჰილი ასევე დარწმუნებულია, რომ 2006 წელს შუმახერმა კარიერა თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ დაასრულა. მაშინ ”ფერარის” გერმანელის ადგილზე კიმი რაკონენის მოწვევა სურდა და იმედოვნებდა, რომ ფინელი გუნდში დიდი ხნით დარჩებოდა.
”ვეჭვობ, მიხაელი 2006 წელს სპორტიდან საკუთარი სურვილით წასულიყო. ჩემი აზრით, გადაწყვეტილების მიღებისას, ის ზეწოლას განიცდიდა. ეს უფრო ”ფერარის” პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჰგავდა და მათ მიხაელს გადაწყვეტილების მიღება დააძალეს. დარწმუნებული ვარ, მას ფორმულა 1-ში დაუმთავრებელი საქმე დარჩა. ერთადერთი პრობლემა, რამაც შეიძლება მას დაბრუნებაში ხელი შეუშალოს, კისრის ტრავმაა, რომლის გამოც, გასულ სეზონში დაბრუნებისგან თავი შეიკავა. და თუ ეს პრობლემა მოაგვარა, ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც არ უნდა დაბრუნდეს.
ქვეყნად არიან ადამიანები, რომლებსაც გამოწვევის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, რისკი იზიდავთ. მიხაელიც ასეთ კატგორიას მიეკუთვნება. მას რბოლებში მონაწილეობა ახლაც სწყურია. მას შეუძლია იმ საქმის კეთება, რომელიც უყვარს”, - დასძენს ჰილი.
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ”ფერარი” მზადაა, შუმახერი ზაფხულში გაგრძელებული კონტრაქტისგან გაათავისუფლოს და სავარაუდოდ, მასთან კონტრაქტს ”მერსედესი” შობის დღესასწაულამდე გააფორმებს.
No comments:
Post a Comment