”მერსედესი” მეორე პილოტს ჯერ ვერ დაასახელებს
Mercedes GP
9 დეკემბერი
”მერსედეს-ბენცმა” ფორმულა 1-ში საკუთარი გუნდით შემოაბიჯა და ერთი პილოტი - გერმანელი ნიკო როსბერგიც დაიმტკიცა. მაგრამ მეორე პილოტის დასახელებას აჭიანურებს და ამით ბევრ ჭორს უდებს საფუძველს. ამ ჭორებიდან კი მთავარი ისაა, რომლიც მიხაელ შუმახერს უკავშირდება.
უკვე სამი კვირაა, რაც ავტოსპორტული პრესა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის სარბოლ ტრასებზე შესაძლო დაბრუნებაზე ლაპარაკობს. მაგრამ თუ გასულ აგვისტოში, ის ”ფერარის” საჭესთან დაჯდომაზე ფიქრობდა, დღეს მის სახელს იმ კომპანიას უფრო ხშირად უკავშირებენ, რომელმაც კარიერის დასაწყისში, დიდ გზაზე დადგომაში შეუწყო ხელი.
მოკლედ, დასამალი რაა, და ”სამქიმიანებს” ფორმულა 1-ში დაბრუნება თავიდანვე ხმაურიანად სურთ. მათი პირველი ნაბიჯი სწორედ ასეთი იყო - ხმაურიანი. გერმანულმა კომპანიამ ჩემპიონი გუნდის, ”ბრაუნის” აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა. მართალია, მსოფლიო ჩემპიონ ჯენსონ ბატონთან შეუთანხმებლობით, პირველი ნომერი დაიკარგა, მაგრამ ახლა მის ადგილზე შუმახერის მიწვევის რეალური შანსი გაჩნდა. შუმი ახლახანს ამერიკიდან, სადაც ისვენებდა, შტუტგარტში დაბრუნდა და თავის მენეჯერ ვილი ვებერს შეხვდა, რომელთან ერთადაც, თავის სამომავლო გეგმებს განიხილავს.
ბევრისთვის ეს ფაქტი იმის საფუძველი გახდა, რომ შუმახერი წინდაწინ ”მერსედესის” პილოტად გამოეცხადებინა. ხომ შეიძლებოდა, ის ვებერს სხვა გერმანულ ქალაქში შეხვედროდა. მაგრამ არა, შტუტგარტში შეხვდა, იმ ქალაქში, სადაც ”დაიმლერის” შტაბბინა მდებარეობს.
”მერსედეს მოტორშპორტის” პრეზიდენტი ნორბერტ ჰაუგი ამბობს, რომ შობის დღესასწაულამდე, ”სამქიმიანები” თავიანთი მეორე პილოტის ვინაობას ალბათ ვერ დაასახლებენ:
”კარგად მესმის ის ინტერესი, რომელიც ჩვენი მეორე პილოტის სახელს უკავშირდება. ჩემგან ყველა ამ სახელის გამოცხადებას ელის, მაგრამ ვერ შეგპირდებით, რომ ამას შობის დღესასწაულამდე გავაკეთებ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველაფრის აწონ-დაწონვა მოგვიწევს, ეს კი რთული პროცესია და კარგად მოფიქრებას საჭიროებს”.
სამაგიეროდ, როსბერგს შუმახერთან ერთ გუნდში ყოფნის საწინააღმდეგო არაფერი აქვს: ”ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ შუმახერთან ერთ გუნდში ყოფნა მომიწევს. ეს ჩემთვის მეტად საინტერესო იქნებოდა. ისე კი, გულახდილად გეტყვით - წარმოდგენა არ მაქვს, ვინ გახდება ჩემი თანაგუნდელი. ჩემთვის რომ ეკითხათ, ვისი გადმოყვანა მირჩევნია, ვეტყოდი, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე. თუმცა, მჯერა, რომ გუნდი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”.
No comments:
Post a Comment