Schumacher makes F1 return
23 დეკემბერი
შუმახერის დაბრუნებასა და ”მერსედეს GP-ში” გადასვლას მიმომხილველები ჯერ კიდევ მას შემდეგ ვარაუდობდნენ, რაც გერმანულმა კომპანიამ გასული სეზონის ტრიუმფატორის, ”ბრაუნ GP-ს” აქციების საკონტროლო პაკეტი (75 პროცენტი) გამოისყიდა. ეს ვარაუდი კი კიდევ უფრო მას შემდეგ გაძლიერდა, რაც გერმანულ გუნდთან სასპონსორო კონტრაქტი მალაიზიურმა ნავთობკომპანია ”პეტრონასმა” გააფორმა.
რამდენიმე დღის წინ კი უკვე გადაჭრით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ შუმახერის დაბრუნება და ”მერსედეს GP-ში” გადასვლა დღეების ამბავი იყო - ხუთშაბათს ”ფერარის” პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ შუმახერს ტელეფონით ელაპარაკა და მან ”მერსედესში” თავისი შესაძლო გადასვლის შესახებ ამცნო. ამასთან, ლუკამ ისიც დასძინა, რომ ”სკუდერია” თავის დიდ ჩემპიონს ამაში ხელს არ შეუშლიდა.
ყველაფერი სამედიცინო შემოწმებაზე იყო დამოკიდებული. თუ ექიმები იტყოდნენ, რომ შუმახერი რბოლებში დასაბრუნებლად მზადაა, მაშინ მის დაბრუნებას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა. ორიოდ დღის წინ, შუმიმ ექიმებისგანაც მწვანე შუქი მიიღო.
”მერწმუნეთ, ძველებურად მოტივირებული ვარ. როს ბრაუნმა ნოემბრის ბოლოს დამირეკა და მივხვდი, რომ დაბრუნების რეალური შანსი გამიჩნდა. მაშინ უკვ ვიცოდი, რომ საქმეში ”მერსედესიც” ჩაერთვებოდა. სპორტიდან როცა წავედი, მაშინ რბოლებისთ დაღლილი ვიყავი. მაგრამ ამ სამ წელიწადში მოტივაცია კვლავ დამიბრუნდა. შარშან მოტორბაიკებით გავერთე და მაშინ მივხვდი, რომ რბოლებში დაბრუნება მსურდა. ახლა კი მიხარია, რომ სურვილის ასრულების საშუალება მეძლევა”, - განაცხადა შუმახერმა.
გერმანელმა პილოტმა თავისი სპორტული კარიერა 2006 წელს დაასრულა, მაგრამ მას შემდეგაც, სპორტთან მუდმივი შეხება ჰქონდა - ”ფერარის” კონსულტანტი იყო და იტალიური კომპანიის სახედ ითვლებოდა. ხანდახან კი კარტინგის რბოლებში ასპარეზობდა.
გასულ სეზონში, მას დაბრუნების შანსი მას შემდეგ მიეცა, რაც უნგრეთის დიდ პრიზზე ზერიოზულად დაშავდა ”ფერარის” ბრაზილიელი პილოტი ფელიპე მასა. მაგრამ შემდეგ შუმიმ დაბრუნება გადაიფიქრა, რის ოფიციალურ მიზეზადაც მოტოავარიის დროს დაშავებული კისერი გამოცხადდა.
მოკლედ, შუმახერი იქ დაბრუნდა, სადაც მისი კარიერა დაიწყო - ”მერსედეს-ბენცში”. თავის დროზე, სანამ ფორმულა 1-ში მოვიდოდა, ის შტუტგარტული ავტოგიგანტის ახალგაზრდულ პროგრამაში მონაწილეობდა და მის ფარგლებში, 1990 და 1991 წლებში, ტურიზმის კლასის გერმანიის ჩემპიონატსა და სპორტული პროტოტიპების რბოლებშიც იასპარეზა.
ამგვარად, 2010 წლის სეზონში, ”მერსედეს GP-ს” ორი გერმანელი პილოტი ეყოლება - შუმახერის გარდა, ”ვერცხლისფერი ისრების” ბოლიდით ნიკო როსბერგიც იასპარეზებს.
შუმახერი არ მალავს, რომ მერვე ტიტულის მოსაპოვებლად აპირებს ბრძოლას: ”ჩემპიონი შვიდჯერ ვიყავი და ახლა იმ გუნდში გადავედი, რომელმაც გასულ სეზონში ორივე ტიტული მოიპოვა. ჰოდა, რას ელით? ალბათ არაფერს იმის გარდა, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. ჩვენი მიზანი სწორედ ესაა”.
უნდა ითქვას, რომ მიმომხილველები შუმახერსა და ”ბრაუნ GP-ს” შორის მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს ელოდნენ, მაგრამ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ მათი პერტნიორობა სამ წელიწადს გაგრძელდება. პირველ სეზონში გერმანელი პილოტი 7 მილიონ ევროს (დაახლოებით 10 მილიონი დოლარი) მიიღებს.
და, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - შუმახერი იმ გუნდში გადავიდა, რომლის შეფიც როს ბრაუნია. ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც, მან ”ბენეტონში” ყოფნისას ორი, ”ფერარიში” ყოფნისას კი ხუთი ტიტული მოიპოვა.
”ეს ერთადერთი კომბინაციაა, რომელიც ჩემს დაბრუნებას დააჩქარებდა. უკეთესს ვერც ვინატრებდი. დიდი ხანია, როსთან ვმგობრობ. ის დეტალურად მიცნობს. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ და ერთად კარგად ვმუშაობთ. ჩვენ ერთად ისეთი რბოლები გვაქვს მოგებული, რომლებიც მოსაგები არ იყო. ძნელი პერიოდებიც გვქონის, მაგრამ საბოლოოდ, მიზანს მაინც ვაღწევდით. და ახლა ისევ ერთად ვიქნებით”, - დასძენს შუმახერი, ვისაც ფორმულა 1-ში გატარებული 15 (14 სრული) სეზონის განმავლობაში, 249 რბოლაში მიუღია მონაწილეობა და მათგან 91 მოიგო, 68 კი პოულ პოზიციიდან დაიწყო.
ცნობისათვის, თავისი ერთადერთი ტიტული ბრიტანელმა ნაიჯელ მენსელმა 41 წლისამ მოიპოვა. ისე კი, ფორმულა 1-ის ყველაზე ხნიერი ჩემპიონი ლეგენდარული არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიოა, რომელიც ხუთიდან ბოლო ტიტულს 46 წლისამ დაეუფლა. რაც შეეხება ფ1-ის ყველაზე ხნიერ გამარჯვებულს, ეს საპატიო წოდება (ალბათ სამუდამოდ) იტალიელ ლუიჯი ფაჯოლის ეკუთვნის, რომელმაც 1951 წელს, საფრანგეთის დიდი პრიზი 53 წლისამ მოიგო.
No comments:
Post a Comment