”მერსედესი” შუმახერს 7 მილიონ ევროს შესთავაზებს
Mercedes to offer 7m euros for Schumacher return
11 დეკემბერი
გერმანული პრესის ინფორმაციით, ”მერსედეს-ბენცის” ფორმულა 1-ის გუნდი მზადაა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს 7 მილიონი ევრო შესთავაზოს იმ შემთხვევაში, თუ ის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება და თავის სახელოგვან კარიერას ”სამქიმიანებთან” გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შუმახერს ამ შეთავაზებით უახლოეს მომავალში თავად ”მერსედეს მოტორშპორტის” შეფი ნორბერტ ჰაუგი მიმართავს. ცოტა ხნის წინ, ანალოგიური თანხა ”მერსედესმა” ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ახალ ჩემპიონ ჯენსონ ბატონსაც შესთავაზა, მაგრამ ამან ”მაკლარენში” გადასვლა ამჯობინა.
ცნობილია, რომ სანამ თავის კარიერას დაასრულებდა, შუმახერი ”ფერარისგან” სეზონში 30 მილიონ ევროს იღებდა, დღეს კი იტალიური კომპანიის კონსულტანტია და ამაში მას მარანელოელები 5 მილიონ ევროს უხდიან. შესაძლოა, შუმის 2 მილიონის გამო, ღალატი არ უღირს. გავრცელებული ინფორმაციით, ”მერსედესი” შუმახერს 7 მილიონზე მეტს ვერ შესთავაზებს.
მაგრამ აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავის დროზე, როცა გერმანელი პილოტი თავის კარიერას იწყებდა, მაშინ სწორედ ”მერსედესი” ედგა გვერდში და სწორედ ამ კომპანიის დამსახურებაა, რომ ის ფორმულა 1-ში მოხვდა. ამაზევე მიანიშნებს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ავსტრიელი ნიკი ლაუდაც, როცა ამბობს, რომ ”მერსედესისა” და შუმახერის ურთიერთობის განახლებაში ფული დიდ როლს არ ითამაშებს.
ცნობისათვის, ფორმულა 1-ში მოხვედრამდე, შუმახერი ”მერსედესის” იუნიორთა გუნდთან ერთად, სპორტული პროტოტიპების რბოლებში მონაწილეობდა. ფ1-ში მისი დებიუტი 1991 წელს შედგა და 2006 წლამდე, მან ფ1-ში არსებული თითქმის ყველა რეკორდი დაამხო.
ნებისმიერ შემთხვევაში, ”მერსედესის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ნიკო როსბერგის თანაგუნდელის ვინაობას შობამდე ვერ დაასახელებს.
No comments:
Post a Comment