კორეული დიდი პრიზი დებიუტისთვის ემზადება
Korean GP preparations on target
10 დეკემბერი
კორეის დიდი პრიზის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ტრასის მშენებლობა და პირველი რბოლისთვის მზადების პროცესი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. თუმცა არსებობს პრობლემაც - რეგიონს, სადაც ტრასა შენდება, ჯერჯერობით არ ჰყოფნის სასტუმროები, რის გამოც, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიდან ჩასულ მაყურებელს დაბინავების პრობლემები შეექმნათ.
კორეული დიდი პრიზის დებიუტი 2010 წლის სეზონში, 17 ოქტომბერს შედგება. მონაკოში გამართულ მოტორ სპორტის ბიზნეს ფორუმზე, კორეული რბოლის ორგანიზატორის, კომპანია ”კორეან აუტო ვალეი ოპერეიშნის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სიტუაციას სრულად აკონტროლებენ და მშენებლობას დროულად დაასრულებენ.
”მზადება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მშენებლობის დასრულებას 5 ივლისს ვაპირებთ. ამ ეტაპზე, ობიექტის 60 პროცენტი აგებულია და ეს ძალიან კარგი შედეგია”, - ამბობს კორეული კომპანიის სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილების შეფი კევინ ლი და დასძენს:
”ჩვენ უამრავი პარტნიორი გვყავს, საინჟინრო საკითხებში კი კონსულტაციებს ამ საქმის ისეთი გამოცდილი სპეციალისტისგან ვღებულობთ, როგორიც ჰერმან ტილკეა. ის კმაყოფილია მშენებლობის მიმდინარეობითაც და ტემპითაც. უკვე შეგვამოწმეს FOM-ის (ფორმულა ვარ მენეჯმენტ) სპეციალისტებმაც, რომლებმაც გაწეული მუშაობა მოგვიწონეს და ჩვენი რეგიონიც მოეწონათ”.
ტრასის სიახლოვეს ორი აეროპორტი მდებარეობს, თავად ტრასა კი სეულიდან 350 კილომეტრითაა დაშორებული. მაყურებელთა დაბინავება კი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს. კორეული ეტაპის ორგანიზატორები რბოლაზე 120 000 ადამიანის დასწრებას ელიან, რომელთა სოლიდური ნაწილი უცხოელი იქნება, ადგილობრივთა დიდ ნაწილს კი სეულიდან მოუწევს ადგილზე ჩასვლა და აქედან გამომდინარე, მათი დაბინავებაც საჭირო გახდება.
ლი ამბობს, რომ რბოლის ორგანიზატორები პირველ რიგში, გუნდების პერსონალების დაბინავებაზე იზრუნებენ. სასტუმროების დეფიციტის აღმოსაფხვრელად კი საკრუიზო გემებს დაიქირავებენ, როგორც ეს ათენის ოლიმპიადის დროს მოხდა.
No comments:
Post a Comment