Ferrari 312 T
14 დეკემბერი
ფერარი 312 T - ლაუდას პირველი საჩემპიონო ფერარი1964 წელს, ინგლისელმა ჯონ სარტიზმა რომ ”ფერარის” მანქანით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მას შემდეგ, მთელი ათი წელი, იტალიური საჯინიბო ამაოდ ცდილობდა პირად ჩათვლაში ტიტულის დაუფლებას. ამის მიზეზი კი ინგლისური, მეტად ეფექტური მანქანები იყო, რომლებიც ”კოსუორტის” თითქმის სერიული, DFV ძრავებით იყვნენ აღჭურვილნი. მართალია, მარანელოელების ძრავები თითქმის ყოველთვის ჭარბი ცხენის ძალებით გამოირჩოდნენ, მაგრამ ალბიონელებს სხვადასხვა ეშმაკობა არ გამოელიათ, რითაც ისინი ცხენების ნაკლებობას ორმაგად აბათილებდნენ.
1973 წლის სეზონი ”ფერარისთვის” ნამდვილ კატასტროფად იქცა - მარანელოელთა კვიცებმა და მათმა მესაჭეებმა ერთი რბოლის მოგებაც კი ვერ შეძლეს. არადა, მათ თითქოს გამარჯვების მომტანი მანქანა ჰქონდათ - V12 ძრავით აღჭურვილი 312 B, რომელმაც 1970 წელს, დებიუტისთანავე ოთხი რბოლა მოიგო. მაგრამ მარანელოში მისი განვითარება-დახვეწა ვერ შეძლეს, რის გამოც ენცო ფერარიმ საკონსტრუქტორო შტაბის ნაწილი დაიფრინა, დარჩენილებს კი სათავეში მაურო ფორჯიერი ჩაუყენა, რომელმაც საფუძვლიანად განაახლა ძრავი.
ლაუდა ფერარი 312 T2-ით ასპარეზობს
......................................................................
რაც მთავარია, გუნდის მენეჯერად ლუკა კორდერო დი მონტეძემოლო დაინიშნა, ადამიანი, რომელიც დღეს ”ფერარის” პრეზიდენტია. ამ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კი მას კომპანიაში არაერთი თანამდებობა აქვს გამოცვლილი. დაკიდევ, ენცომ გუნდის პილოტებად ორი ახალგაზრდა და ძალიან ამბიციური პილოტი მოიწვია - ავსტრიელი ნიკი ლაუდა და შვეიცარელი კლეი რეგაცონი.
1974 წელს 312 B-ს არაერთი მოდიფიკაცია ჩაუტარდა და საბოლოოდ, 312 B3-ად ჩამოყალიბდა. ამ მანქანას რომ სიჩქარე არ აკლდა, ლაუდამ იმითაც დაამტკიცა, რომ 9-ჯერ დაიკავა პულ პოზიცია. მაგრამ მანქანა გამძლე არ იყო და ამ ცხრა პოულიდან, გამარჯვებად მხოლოდ ორის მატერიალიზება მოხერხდა. კიდევ ერთი რბოლა რეგაცონიმ მოიგო და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. ტიტულს კი ”მაკლარენით” მოასპარეზე ბრაზილიელი ემერსონ ფიტიპალდი დაეუფლა. რა თქმა უნდა, წინა სეზონის კრახთან შედარებით, სამი გამარჯვება სერიოზული წინსვლა იყო, მაგრამ კომენდატორეს (ენცო ფერარის) ტიტული სურდა...
ჟილ ვილნევი ფერარი 312 T3-ში
..........................................................
ჰოდა, სეზონი დასრულებული არ იყო, რომ მარანელოში მომავალი 1975 წლის ჩემპიონატისთვის მზადება გახურდა. აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ მანქანა კომპაქტური გამოსულიყო. ამისათვის კი გადაცემათა კოლოფმა განივი განლაგება მიიღო, რის გამოც, ავტომობილის ინდექსში ასო T (ტრანსვერსალ) გამოჩნდა. ასეთი კონფიგურაციის წყალობით, ავტომობილის წონა წინა და უკანა ღერძებს შორის უფრო თანაბრად განაწილდა, რაც მოსახვევების უფრო სწრაფად გავლის საშუალებას იძლეოდა. ძრავი 485 ცხენის ძალამდე გაძლიერდა და მართალია, ის ”კოსუორტის” DFV-ზე მძიმე იყო, მასზე სულ ცოტა, 20 ცხენის ძალით მეტსაც იძლეოდა.
სეზონის დაწყებამდეც კი, ეჭვიც არავის ეპარებოდა იმაში, რომ ეს ავტომობილი, ”ფერარის” ახალგაზრდა პილოტებს ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემდა. მაგრამ ლაუდამ პირველად ახალი მანქანა მესამე ეტაპზე (სამხრეთ აფრიკა, კიალამი) მიიღო. და მაშინვე პოულსაც დაეუფლა. სტარტის პირველ რიგში, მის გვერდით დადგომის უფლება კი რეგაცონიმ მიიღო. მაგრამ პირველივე წრეზე მომხდარმა ავარიამ ორივე მანქანა ასპარეზობიდან გამოთიშა.
ჯოდი შექტერი ფერარი 312 T4-ის საჭესთან
.........................................................................
სამაგიეროდ, მომდევნო ხუთი რბოლიდან ლაუდამ ოთხი მოიგო, რეგაცონიმ კი ”ფერარისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - იტალიის დიდი პრიზი მოიგო მონცაზე. სეზონის ბოლო ეტაპი (აშშ, უოტკინს გლენი) კი ისევ ავსტრიელის გამარჯვებით დასრულდა, ვინც თავისი სამიდან პირველი ყიყული მოიპოვა. კონსტრუქტორთა თასს კი ”ფერარი” დაეუფლა.
1976 წელს ძალაში ახალი რეგლამენტი შევიდა, რომლის გამოც, მარანელოელებს მანქანის სასწრაფოდ მოდერნიზება მოუწიათ. განახლებულ მანქანას T2 უწოდეს და ის წინამორბედისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ძრავის ჰაერის ამღები ორად იყო გაყოფილი და ისინი კოკპიტის ორივე მხარეს, იყო განთავსებული.
ლაუდა კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ამის რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ ნურბურგრინგზე საშინელ ავარიაში მოჰყვა, რომლის დროსაც დაწვას პილოტებმა გადაარჩინეს. ავსტრიელს რამდენიმე ეტაპის გამოტოვება მოუხდა, თუმცა უჩვეულოდ სწრაფად გამოჯანმრთელდა და ტიტულის მოპოვების რეალური შანსიც შეინარჩუნა. მაგრამ ბოლო ეტაპი (იაპონია, ფუძი), რომელიც თავსხმა წვიმაში დაიწყო, პირველივე ეტაპზე მიატოვა და ტიტულს ბრიტანელი ჯეიმს ჰანტი დაეუფლა. სამაგიეროდ, მომდევნო სეზონში ლაუდა და 312 T2 დაუმარცხებელ ტანდემად დაბრუნდნენ და ორივე ტიტულს (პირადსა და კონსტრუქტორთა) დაეუფლნენ.
ფერარი 312 T-ს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - ტრანსვერალური კოლოფი
..................................................................................
თითქოს, ეს დუეტი მომდევნო სეზონშიც დაუმარცხებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმეში ორი გარემოება ჩაერია. ჯერ ერთი, ”მიშლენმა” პირველად გამოიყენა რადიალური საბურავები, რამაც მანქანის საფუძვლიანად შეცვლა მოითხოვა. მეორეც, გენიალურმა კოლინ ჩეპმენმა თავის ”ლოტუსზე” პირველად გამოიყენა გრაუნდ ეფექტის აეროდინამიკური ეფექტი, რითაც სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.
ახალ ”ფერარის” 312 T3 ეწოდა. ”სკუდერიას” მანქანებს ამჯერად არგენტინლი კარლოს როიტემანი და კანადელი ჟილ ვილნევი მართავდნენ. მართალია, რევოლუციური ”ლოტუს 78” შეუდარებელი იყო, მაგრამ ”ფერარი” მას გამძლეობით სჯობდა, რაც მის პილოტებს ბრძოლის საშუალებას აძლევდა. და მაინც, ჩემპიონი ”ლოტუსით” მოასპარეზე ამერიკელი მარიო ანდრეტი გახდა.
1979 წლის ჩემპიონატისთვის, მანქანის მომზადებაში ”ფიატი” და ”პინინფარინა” ჩაერთვნენ. მათ 312 T ისე გადააკეთეს, რომ გრაუნდ ეფექტი მიეღოთ (გრაუნდ ეფექტი ისეთი აეროდინამიკური ეფექტია, რომლის დროსაც, მანქანის ქვეშ გაუხშოებული არე იქმნება და ამით, მისი ბორბლების გზის საფართან ჩაჭიდულობა უმჯობესდება). მაგრამ დიდი გაშლის კუთხის მქონე ძრავის გამო, ეს ეფექტი დაკნინებული იყო.
ეს ის სეზონის, რომლის დროსაც ”რენომ” რევოლუციური სიახლე - ტურბოკომპრესორიანი V6 პირველად გამოიყენა. ვილნევის თანაგუნდელად კი სამხრეთ აფრიკელი ჯოდი შექტერი მიიწვიეს.
სწორ მონაკვეთებზე ყველაზე სწრაფები ”რენოს” მანქანები იყო, მოსახვევებს კი სრულყოფილი გრაუნდ ეფექტის მქონ მანქანები გადიოდნენ. მაგრამ 312 T4 ისევ ყველაზე საიმედო, გამძლე მანქანა გამოდგა, რამაც შექტერს ტიტული, ”სკუდერიას” კი კონსტრუქტორთა თასი მოაპოვებინა. სამხრეთ აფრიკელმა ვილნევს ოთხი ქულით აჯობა. სამაგიეროდ, კანადელმა დიჟონში (საფრენგეთი), ფრანგ რენე არნუსთან (რენო) უდაძაბულეს პაექრობაში მოიპოვა გამარჯვება.
No comments:
Post a Comment