”ლოტუსმა” პილოტები გამოაცხადა
Lotus announces Trulli and Kovalainen for 2010
14 დეკემბერი
ფორმულა ერთში დაბრუნებულმა ”ლოტუსმა” იმ პილოტების ვინაობა გამოაცხადა, რომლებიც მომავალ სეზონში მისი ბოლიდის საჭეს მიუჯდებიან. როგორც მოსალოდნელი იყო, ერთ მონოპოსტს იტალიელი იარნო ტრული დაიკავებს, მეორე ადგილზე ”მაკლარენიდან” წამოსული ფინელი ჰეიკი კოვალაინენი გამწესდა. სარეზერვო პილოტი კი მალაიზიელი ფაირუზ ფაუზი გახდება.
”პირველივე სეზონისთვის განსაკუთრებულ მიზნებს არ ვისახავთ, მაგრამ გვინდა, რომ ახალ გუნდებს შორის საუკეთესონი ვიყოთ. ჩვენი განზრახვის სერიოზულობაზე კი ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჩვენ გუნდში მსოფლიო დონის ორი ვარსკვლავი იასპარეზებს”, - ავბობს ”ლოტუსის” შეფი ტონი ფერნანდესი.
35 წლის ტრული ახალ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პილოტი იქნება - მისთვის 2010 წლის სეზონი კარიერაში მე-13-ა. წინა 12 სეზონში მას მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. კოვალაინენი 28 წლისაა და მის ანგარიშზეც ერთადერთი გამარჯვებაა.
”თავისი გამოცდილებით, ტრული ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო შენაძენია. ის ძალიან დაგვეხმარება განვითარებაში. ჰეიკი უფრო ახალგაზრდა, თუმცა არანაკლებ გამოცდილი პილოტია. მათი სახით, პილოტთა შესანიშნავი წყვილი გვყავს. ფაირუზიც პერსპექტიული პილოტია. ასე რომ, ისინი ერთად გამოცდილების ახალგაზრდობისა და ენთუზიაზმის არაჩვეულებრივ შენადნობს მოგვცემენ”, - ამბობს ფერნანდესი.
ტრული ამბობს, რომ ”ლოტუსში” მისი გადასვლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ გუნდის ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინია, ვისთან ერთადაც ის ცოტა ხანს ”ტოიოტაში” იყო. იტალიელი პილოტი პილოტი ამბობს, რომ ის გუნდის გრძელვადიანმა სტრატეგიამაც მოხიბლა.
”მე ამ გუნდის მენეჯერებისა და ტექნიკური პერსონალის გრძელვადიანმა სტრატეგიამ დამაინტერესა. ტონის ძალიან ამბიციური გეგმები აქვს და მე მზად ვარ, გუნდს ამ გეგმების განხორციელებაში დავეხმარო. ძალიან მიხარია, რომ ისევ მომიწევს მაიკ გასკოინთან მუშაობა. ჩვენ შესანიშნავი დამოკიდებულება გვაქვს და მე მისი მუშაობის სტილს დიდ პანივს ვცემ”, - ამბობს ტრული
კარგი განწყობა აქვს კოვალაინენსაც: ”ახლახან გუნდის ბაზაზე ვიმყოფებოდი და გაოცებული დავრჩი იმით, რომ გუნდმა მოკლე დროში ამდენი რამ მოასწრო. პროექტმა ხომ სტარტი მხოლოდ სექტემბერში აიღო. ტონიმ გუნდს საკმაოდ ამბიციური მიზნები დაუსახა და მთელი პერსონალი ამ მიზნების შესრულებაზეა მობილიზებული. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ”ლოტუსს” მისი პროგრამის განხორციელებაში დავეხმარები”.
რაც შეეხება ფაუზის, ის 27 წლისაა და ადრე GP2 და A1GP სერიებში მონაწილეობდა. გასულ სეზონში, მან სერია ფორმულა ”რენო” 3.5-ში მეორე ადგილი დაიკავა. ორი წლის წინ კი ფორმულა 1-ის გუნდ ”სპაიკერის” ტესტ პილოტი იყო.
No comments:
Post a Comment