შუმახერი თავის მენეჯერს შეხვდება
Michael Schumacher
4 დეკემბერიგერმანული გამოცემა ”ბილდ ცაიტუნგი” გვატყობინებს, რომ ამ უქმეების შემდეგ, მიხაელ შუმახერს თავის ყოფილ მენეჯერ ვილი ვებერთან შეხვედრა აქვს დანიშნული.
როგორც ცნობილის, ავტოსპორტული მედია მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ფორმულა 1-ში დაბრუნების მოლოდინშია. სავარაუდოდ, 40 წლის პილოტი ”მერსედესის” გუნდში გააგრძელებს თავის სახელოვან კარიერას. ამ უკანასკნელმა ახლახანს ჩემპიონი ”ბრაუნი” შეიძინა და მომავალ სეზონშივე ჩემპიონიბისთვის ბრძოლას აპირებს. და, როგორც ამბობენ, ამისთვის დიდი ჩემპიონის დახმარება სჭირდება.
”ბილდ ცაიტუნგის” ინფორმაციით, შუმახერი ამჟამად ამერიკაში ატარებს დროს, მაგრამ ორშაბათს გერმანიაში, კერძოდ კი, ქალაქ შტუტგარტში აპირებს ჩასვლას, სადაც ვებერს შეხვდება. შტუტგარტი კი ის ქალაქია, სადაც ”მერსედეს-ბენცის” და მისი მფლობელი ”დაიმლერის” შტაბ ბინაა განლაგებული. ისიც აღსანიშნავია, რომ შუმახერის ”მერსედესში” შესაძლო გადასვლის შესახებ მითქმა-მოთქმას არც თავად შუმახერი უარყოფს და არც გერმანული კომპანია.
ვებერი კი აცხადებს, რომ ამ ამბისა არაფერი იცის და არც მისი კლიენტის ”მერსედესში” გადასვლისა სჯერა: ”წარმოდგენაც კი მიჭირს იმისა, რომ მომავალ სეზონში მას ”მერსედესში” ვიხილავ. ახლახანს მან ”ფერარისთან” კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა”.
მაგრამ ”ბილდ ცაიტუნგს” ეს არ აკმაყოფილებს და გვაუწყებს, რომ შუმახერს ახლახანს კისრის სავარჯიშო ტრენაჟორი შეუძენია და უკვე მასზე ვარჯიშსაც შესდგომია.
No comments:
Post a Comment