ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, December 18, 2009

რაიკონენი შეიძლება რალიში დარჩეს

Raikkonen: WRC may be permanent

18 დეკემბერი

კიმი რაიკონენი ამბობს, რომ არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ის ფორმულა 1-ს დაუბრუნდება. ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონი, მომავალ სეზონს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, ”სიტროენ ჯუნიორის” გუნდში გაატარებს, რომელსაც ფინანსურად გვერდში ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ”რედ ბული” უდგას.

ბევრს მიაჩნია, რომ მომავალი სეზონი რაიკონენისთვის შვებულებასავით იქნება, მაგრამ თავად ფინელი პილოტი რალიში დარჩენას არ გამორიცხავს. ინგლისურ ჟურნალ ”ავტოსპორტთან” ექსკლუზიური საუბრისას, ”აისმენმა” თავის მომავალზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არაფერი აქვს.

”ფორმულა 1-ში კონტრაქტი არავისთან მაქვს და ამიტომ, არ ვიცი, მომავალში რა იქნება. არჩევანი კი მაქვს - ან რალიში დავჩები, ან ფ1-ში დაბრუნებას ვცდი. მაინტერესებს, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე რა შედეგები მექნება. გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის საფუძველზე გავაკეთებ. თუ ყველაფერი კარგად აეწყობა, მაშინ რალიშივე გავაგრძელებ. საერთოდ, ბევრი განსხვავებული სცენარი არსებობს იმისა, თუ როგორ მოვიქცევი. მაგრამ ამ მომენტისთვის, ”რედ ბულთანაც” და ”სიტროენთანაც”, კონტრაქტი მხოლოდ მომავალი სეზონისთვის მაქვს”, - ამბობს რაიკონენი.

ფინელი პილოტი ამბობს, რომ ”ფერარის” ის მარტო უღიმღამო შედეგების გამო არ გაუშვია: ”მათ ჰკითხეთ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე არ მაინტერესებს, რატომ მოხდა ეს. საბოლოო პასუხი ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გაშვება ჩემი შედეგების შედეგი არაა. ვფიქრობ, როდესაც საქმეში დიდი ფულია ჩადებული, ყველაფრის შეცვლა შეგიძლია. ჩემი აზრით, ბევრი რამ გუნდში ”სანტანდერის” მოსვლამ გადაწყვიტა. ალბათ, რაღაც გარიგება შედგა. არ ვიცი...”.

რაიკონენი აღიარებს, რომ ”მაკლარენში” დაბრუნების რეალური შანსი ჰქონდა და მოლაპარაკებას ”ბრაუნთანაც” აწარმოებდა, მაგრამ საბოლოოდ, ვერცერთისგან ის პირობები ვერ მიიღო, რომლებსაც ესწრაფვოდა:

”რომ მდომოდა, ”მაკლარენთან” კონტრაქტის გაფორმება შემეძლო, მაგრამ იქ ჩემი მოთხოვნების მხოლოდ ნაწილის დაკმაყოფილებას მთავაზობდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ფული არ ყოფილა. ჩემი გადაწყვეტილება უფრო სხვა გარემოებებმა განაპირობა. საბოლოოდ, შემოთავაზებული კონტრაქტი ჩემთვის მიუღებელი იყო”.

მართალია, რაიკონენი ამას ამბობს, მაგრამ ფაქტია, რომ თუ სხვა გუნდთან კონტრაქტს გააფორმებდა, ”ფერარისგან” კონტრაქტის დარღვევისთვის გაცილებით ნაკლებ თანხას მიიღებდა, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ”მაკლარენში” გადავიდოდა.

”რა თქმა უნდა, სხვა გუნდში რომ გადავსულიყავი, გაცილებით ნაკლები წლიური გამომუშავება მექნებოდა. მაგრამ ”მაკლარენში” არგადასვლის მთავარი მიზეზი ეს მაინც არ ყოფილა. ეს ის არაა, რაც მე მინდოდა”.

”ბრაუნთან” დაკავშირებით კი ამბობს: ”იქ გადასვლის შანსიც მქონდა და ეს რეალური იყო, მაგრამ ”მაკლარენთან” რომ არაფერი გამოვიდა, მას შემდეგ, ”ბრაუნის” გარდა, ”რედ ბულტანაც” დავიწყე მოლაპარაკება. ძალიან მაინტერესებდა, რას შევძლებდი რალიში და ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაც ამ ინტერესმა განაპირობა. ჰოდა, ერთი წლის შემდეგ, შეიძლება ისევ ფ1-ში დავბრუნდე, ან იქნებ, რალიშივე გავაგრძელებ...”.

No comments:

Post a Comment