ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, October 8, 2009

ფორმულა 1 ჰაერში

Red Bull Air Race World Championship

8 ოქტომბერი

პოლ ბონჰომი გამარჯვებას ზეიმობს

........................................................................

დაახლოებით 800 000 ადამიანი დაესწრო საავიაციო რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, რომელსაც ბარსელონას სანაპირო ზოლმა უმასპინძლა. ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბულის” მიერ ორგანიზებული ჩემპიონატი (რომელსაც ხშირად საჰაერო ფორმულა 1-საც უწოდებენ ხოლმე) და მისი ბოლო ეტაპი, ბრიტანელი პოლ ბონჰომის გამარჯვებით დასრულდა.

ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა მოქმედი ჩემპიონი, ავსტრიელი ჰანს არჩი, ვინც შარშან სწორედ ბონჰომთან დაძაბულ პაექრობაში მოიპოვა თავისი ტიტული. მან 60 ქულა დაასრულა და 7 ქულით ჩამორჩა ბონჰომს, ვინც წინა ორ სეზონში ვიცე ჩემპიონის წოდებას სჯერდებოდა. 36 ქულით მესამეზე ჩემპიონატის ავსტრალიელი ახალბედა მეტიუ ჰოლი გავიდა.

პოლ ბონჰომი ფინიშის კარიბჭეში

........................................................................

ბარსელონას ეტაპი 6.4-კილომეტრიან საჰაერო ”ტრასაზე” ჩატარდა, რომელზეც პილოტებს 15 საჰაერო კარიბჭე ჰქონდათ გასავლელი. ბარსელონას რბოლის გამარჯვებულს მცირედით ჩამორჩა ბრიტანელი ნაიჯელ ლემბი, ვინც მისთვის წარუმატებელი სეზონი კვარცხლბეკზე ასვლით დაასრულა. რბოლაში მესამე ადგილი კი გერმანელმა ახალბედა მათიას დოლდერერმა დაიკავა, რომელმაც ერთხელ სანაპიროსთან მეტისმეტად ახლოს გაიფრინა და ამით მაყურებლები გვარიანად დააფრთხო.

”შესანიშნავია, გმადლობ ბარსელონა. ძალიან ბედნიერი ვარ. ამდენ ხანს არ მიმართლებდა, ახლა კი, ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონი გავხდი. რბოლის წინ ძალიან დაძაბული ვიყავი. სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ლიდერობა არ დამეკარგა”, - ნაფინიშევს ხარობდა ბონჰომი, ვისაც არჩმა წინა დღის კვალიფიკაციის შემდეგ, 4-ულიანი უპირატესობა სამამდე შეუმცირა.

სეზონის განმავლობაში, ბონჰომმა სამი რბოლა მოიგო და ამდენივე მეორეზე დაასრულა. თუმცა მისი თვითმფრინავი ”ეჯ 540” ყველაზე სწრაფი მაინც არ იყო. კვალიფიკაციებში მას თითქმის ყოველთვის სჯობდა არჩი, რომელმაც სამი ეტაპის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო (ბონჰომის ერთის წინააღმდეგ). თუმცა რბოლებში უფრო სტაბილური ბრიტანელი იყო ხოლმე.

სენა დარწმუნებულია, რომ მერმის ფორმულა 1-ში იქნება

Bruno Senna

8 ოქტომბერი

ბრუნო სენა დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში აუცილებლად ფორმულა 1-ში იქნება. სერია GP2-ის გასული სეზონის ვიცე ჩემპიონს კარგი შანსი ჰქონდა, რომ ამ სეზონის დასაწყისში ”ბრაუნის” პილოტი ყოფილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში, როს ბრაუნმა რუბენს ბარიკელოს დატოვება ამჯობინა და არც შემცდარა - ვეტერანი ბრაზილიელი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის.

დიდი პრიზების ცირკის გარეთ დარჩენილმა მრბოლმა, ვინც ლეგენდარული აირტონ სენას დისშვილია, მთელი სეზონი ლე მანის სერიის რბოლებში გაატარა, ახლახანს კი აბუ დაბიში იმყოფებოდა, სადაც ახალი ტრასა მოინახულა და მას მაღალი შეფასება მისცა. ჟურნალისტებთან საუბრისას კი ყველაზე აქტუალური საკითხი მისი მომავალი იყო. კითხვაზე, რა შანსია იმისა, რომ მას მერმის ა1-ში ვიხილავთ, სენამ ასე უპასუხა:

”საკმაოდ მაღალი, დაახლოებით, 90 პროცენტის ფარგლებში. ძალიან მიხარია, რო ეს ასეა. ეს სეზონი ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. ხანდახან ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ ფ1-ს ძალიან ვშორდებოდი. მაგრამ შემდეგ ყველაფერს შევეგუე. ამ სეზონის დასაწყისი ძალიან რთული იყო, რადგან მაშინ ყველას პირზე ორმაგი დიფუზორი ეკერა და პილოტებზე ნაკლებად ფიქრობდნენ. გუნდთან (ბრაუნთან) ნორმალურად დალაპარაკების საშუალებაც არ მომცემია, რადგან გუნდში იმ მომენტში ყველა იმაზე ფიქრობდა, რომ მათი დიფუზორი არალგალურად არ გამოცხადებულიყო. ამჟამად რამდენიმე კარგი შემოთავაზება მაქვს. ეს არჩევანის საშუალებას მაძლევს. საერთოდ, ფორმულა 1 ძალიან ძნელი საქმეა, სადაც ბაზარზე უამრავი კარგი პილოტია და მათ შორის ადგილის მოპოვება საკმაოდ ძნელია. იღბლად, მერმისიდან ჩემპიონატს რამდენიმე ახალი გუნდი შეემატება, ეს კი ადგილის მოძებნას გააადვილებს”, - ამბობს სენა.

სენა ამბობს, რომ ფ1-ის გუნდთან კონტრაქტის გაფორმებას ბრაზილიის დიდი პრიზის დღეებში, ან უფრო ადრე ვარაუდობს. მაგრამ მასზე ლაპარაკი არ სურს, რადგან ასე ამ სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრეც ეგონა, მაგრამ გარეთ დარჩა.

”ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. მიზანთან ასე ახლოს ვიყავი, მაგრამ მას მაინც ვერ მივაღწიე. მაგრამ ავტორბოლები ასეთია. წაგებასთან შეგუებას გასწავლის, რაც კარიერაში არაერთი იქნება. ახლა მორიგ შეთანხმებაზე ვმუშაობ და იმედია, ამჯერად მაინც მივაღწევ მიზანს”, - დასძენს სენა, ვინც ლე მანის სერიის სამ რბოლაში ორჯერ ავიდა კვარცხლბეკზე.

სენა ამბობს, რომ ლე მანის სერიის რბოლებმა დიდი გამოცდილება შესძინა, რადგან ახლა კარგად იცის, როგორ დაზოგოს საწვავი და საბურავები, რასაც მერმის ფ1-ში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რადგან მომავალი სეზონიდან, რბოლის დროს საწვავის დამატება იკრძალება.

ბრაზილიელი პილოტი ამბიბს, რომ მან ფ1-ის ორი ახალი გუნდისგან (კამპოსი და მეინორი, იგივე ვირჯინი) საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზება მიიღო, თუმცა მას ის გუნდი ურჩევნია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებში გამოსვლის გამოცდილება გააჩნია. მან არ გამორიცხა, რომ შეიძლება ”არჩევანი ”ფორს ინდიაზე” შეაჩეროს.

ამ ეტაპზე ბრუნო სენას მიზანი ისაა, რომ ღიაბორბლიანი ავტომობილების მართვის თავისებურება გაიხსენოს, რადგან ლე მანის სერიაში მონაწილე ავტომობილები მართვის სრულიად განსხვავებული სტილით გამოირჩევა. ამ მიზნით, ის მალე GP2-ის გუნდ ”აისპორტის” სატესტო პროგრამაში ჩაერთვება.

ფელიპე მასა ფინიშის დროშას ააფრიალებს

Felipe Massa

8 ოქტომბერი

ბრაზილიის დიდ პრიზზე საფინიშო ალმის აფრიალების საპატიო მისია ”ფერარის” ბრაზილიელ პილოტ ფელიპე მასას ერგო, ვისაც უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაზიაცე მომხდარი ავარიისას მიღებული უმძიმესი ტრავმის გამო უწევს.

მასამ ტრავმაც მოიშუშა და მალე ფორმულა ერთის ბოლიდს კვლავ მიუჯდება. მაგრამ ბრაზილიის დიდი პრიზისთვის დაბრუნებას ვერ ასწრებს. თუმცა, საშინაო რბოლის ტელეეკრანიდან ყურებას არ აპირებს. რა თქმა უნდა, რბოლას ის თავის გუნდთან ერთად დაესწრება, ფინიშის წინ კი სტარტ-ფინიშის ზოლთან მდგარ კოშკში ავა და რბოლის დასრულების ნიშნად, შავ-თეთრ უჯრედებიან დროშას ააფრიალებს.

მასა არ მალავს, რომ თუ FIA-ს სამედიცინო კომისიისგან რბოლებში გამოსვლის უფლებას მიიღებს და ორი წლის წინანდელი ”ფერარის” ტესტირების შემდეგ დარწმუნდება, რომ რბოლაში გამოსვლის თავი აქვს, ის აუცილებლად იასპარეზებს აბუ დაბის დიდ პრიზზე, რომლითაც მიმდინარე სეზონი მთავრდება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის დიდი პრიზის დამამთავრებელი ალამი ადრე არაერთხელ აუფრიალებიათ ცნობილ ადამიანებს. მაგალითად, 2002 წელს ეს პატივი ფეხბურთის მეფეს - პელეს ერგო, რომელსაც თავისი მოვალობის შესრულება დაავიწყდა და დროშა მაშინღა გაახსენდა, როდესაც ფინიშის ხაზი გამარჯვებულ პილოტს კარგა ხნის გავლილი ჰქონდა. 2004 წელს ეს მისია ბრაზილიელ სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენს ერგო.

შარშან საფინიშო ალამის აფრიალების უფლება ლუის ჰამილტონისა და მასას მამებს უნდა გაენაწილებინათ. უფრო სწორედ, ეს პატივი იმას ერგებოდა, რომლის შვილიც ჩემპიონი გახდებოდა. მასამ რომ რბოლა მოიგო და ფინიში გადაკვეთა, იმ მომენტში ჩემპიონი ის იყო, მაგრამ რამდენიმე წამში, მან ეს ტიტული დაკარგა, რადგან ბრიტანელმა ბოლო მოსახვევში ტიმო გლოკს გაასწრო, რამაც მას ტიტული მოაპოვებინა.

USF1-ს ფაბრიკა მზად აქვს

USF1

8 ოქტომბერი

მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ს ოთხი ახალი გუნდი - ”მეინორი”, ”კამპოსი”, ”ლოტუსი” და USF1 შეუერთდება, მაგრამ ინტერნეტში ახლავე არცთუ იშვიათად შეიძლება ნახოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ოთხეულიდან მინიმუმ ერთმა შეიძლება სეზონის დაწყებამდე ხელი აიღოს თავის განზრახვაზე.

ყველაზე ხშირად, სკეპტიკურ მოსაზრებას ამერიკულ გუნდზე (USF1) გაიგებთ, რომელსაც შტაბ-ბინა ქალაქ შარლოტის (შტატი ჩრდილოეთ კაროლინა) სარბოლი ტრეკის მახლობლად აქვს და ამდენად, ძალიან დაშორებულია ფორმულა ერთის სხვა გუნდებისგან, რომლებიც დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში - ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში არიან თავმოყრილნი.

ამას წინათ, ამერიკული გუნდის მომავალზე თვით ფ1-ის კომერციული ბოსი, ბერნი ეკლსტოუნიც კი დაეჭვდა ამერიკული საჯინიბოს მომავალში. მაგრამ ოთხშაბათს შარლოტიდან სულ სხვაგვარი ინფორმაცია გავრცელდა.

გუნდმა თავისი ფაბრიკის და ტექნიკური ცენტრის ფოტოები გაავრცელა და ავტოსპორტულ სამყაროს ამცნო, რომ სარბოლი მანქანის შექმნა უკვე დაწყებული აქვს და რომ სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

ფოტოებზე ასახულია საკონსტრუქტორო ოფისი და ფაბრიკის სამანქანო დარბაზები, თუმცა არსად ჩანს მანქანის, ან მისი კომპონენტების დამზადების პროცესი.

არსებობს მოსაზრება, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასა და ფ1-ის გუნდებს შორის უთანხმოების გამო, რომელიც ზაფხულში მოგვარდა, ამერიკულ გუნდს თავის მანქანაზე მუშაობის დაწყება დაუგვიანდა. თუმცა ეს მოსაზრება გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა კენ ანდერსონმა გააქარწყლა.

”კარგია, რომ ამ კითხვას მისვამთ. მანქანას გეგმის მიერ დასახულ დროში, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე ვამზადებთ. ნოემბრის დასაწყისში მგორავი შასი გვექნება, სრულად ფუნქციონირებად მანქანას კი ტრასაზე იანვარში, წინასასეზონო ტესტებისთვის გამოვიყვანთ”, - ამბობს ანდერსონი. მისი თქმით, გუნდი ახლა თავის ევროპულ ბაზასაც ქმნის, სადაც სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში იმუშავებს.

ანდერსონი ამბობს, რომ გუნდი ავტომობილის კონსტრუირების ყველაზე საპასუხისმგებლო სამუშაოებს კომპიუტერის მეშვეობით ასრულებს. ”ასე რომ, არ მოგვიწევს დეტალების შექმნა იმისათვის, რომ ისინი გამოვცადოთ და მერე ახალი დეტალები ისევ გამოსაცდელად ვამზადოთ. ჩვენი მიზანია, კომპიუტერითვე შევიმუშაოთ ცალკეული დეტალები და მთელი ავტომობილი, რომელიც აწყობისთანავე სრულად ფუნქციონირებადი იქნება”.

ანდერსონი დასძენს, რომ უკვე თითქმის დასრულებულია გუნდის შტატით დაკომპლექტება. თანამშრომელთა უმეტესობა სხვა გუნდებიდანაა გადმობირებული და ისინი USF1-ში მუშაობას ამ სეზონის დასრულებისთანავე შეუდგებიან.

რაც შეეხება პილოტებს, დიდხანს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ამერიკულ გუნდში მხოლოდ ამერიკელ პილოტებს მიიწვევდნენ, მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაციაა, რაზეც გუნდის თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყოფილი ჟურნალისტი პიტერ უინძორი ლაპარაკობს:

”ჩვენი მისწრაფება, გუნდში მხოლოდ ახალგაზრდა ამერიკელი პილოტები მიგვეწვია, ცოტა ძნელი შესასრულებელი აღმოჩნდა. ჯერაც მაქვს იმედი, რომ ერთი ამერიკელი პილოტი მაინც გვეყოლება, მაგრამ ეს ძნელად შესასრულებელი ოცნებაა, რადგან არც ისე ბევრია ამერიკელი პილოტი, ვისაც სუპერლიცენზია გააჩნია”.

”ფოლკსვაგენი” ფორმულა 1-ში?

VW to eye F1...

8 ოქტომბერი

გამორიცხული არაფერია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გერმანული კონცერნის ჯგუფში შემავალი კომპანია ”აუდის” აცხადებს, რომ ”ფოლკსვაგენი” ფორმულა 1-ში გამოსვლაზე იფიქრებს, თუ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯების შემცირება შემდგომშიც გაგრძელდება.

ამ თემასთან დაკავშირებით, ”აუდის” სინგაპურული შტოს მმართველი დირექტორი რაინჰოლდ კარლი გაზეთ ”სტრაიტს ტაიმსს” ესაუბრა. მან განაცხადა, რომ მართალია, ფ1-ში ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება, მაგრამ გუნდებს მაინც უწევთ ასეულობით მილიონი დოლარის ხარჯვა, რათა კონკურენტუნარიანები იყვნენ.

”ფასები თუ შემცირდება, მაშინ ფორმულა 1 ჩვენთვის უფრო მიმზიდველი გახდება”, - ამბობს კარლი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ფ1-ის დიდი პრიზების არენა ორმა დიდმა საავტომობილო კომპანიამ - ”იაგუარმა” და ”ჰონდამ” დატოვეს, ამ სეზონის დასრულების შემდეგ კი მათ ”ბეემვეც” შეუერთდება. ამასთან, ”ტოიოტას” ჯერაც არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება - დარჩეს თუ ზემოთ ნახსენებ სამ კომპანიას მიბაძოს.

დაბოლოს, კარლის თქმით, თუ ”ფოლკსვაგენი” ფორმულა 1-ში შესვლას გადაწყვეტს, ამას ”პორშეს”, ”აუდის”, ან სულაც ”ფოლკსვაგენის” სახელით გააკეთებს.

ბრაზილიაში ”რედ ბული” კიდევ უფრო სწრაფი იქნება

Red Bull

8 ოქტომბერი

სუზუკაზე უებერს ბოქსში ხუთჯერ შესვლა მოუხდა

.................................................................................................

იაპონიის დიდი პრიზი წარუმატებელი გამოდგა ”რედ ბულის” ავსტრალიელი მარკ უებერისთვის, თუმცა ავსტრიულმა გუნდმა მისი უქღბლობა მანქანის სრულყოფისთვის ჩატარებული სამუშაოების შესამოწმებლად მაინც გამოიყენა და როგორც ჩანს, ამით ბრაზილიაში დიდ სარგებელსაც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სუზუკაზე, შაბათ დილის თავისუფალი პრაქტიკის დროს, უებერმა მანქანა დაამტვრია, რომლის დროულად შეკეთებაც ვერ მოხერხდა და ავსტრალიელმა კვალიფიკაციაზე ვერ იასპარეზა. ამის გამო, რბოლა მან პიტლეინიდან დაიწყო.

ბუნებრივია, გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი უებერს არ ჰქონდა და გუნდმაც მისი მანქანა თავისი ახალი სეროდინამიკური ელემენტების გამოსაცდელად გამოიყენა, რომელთა ტესტირებაც თავისუფალ პრაქტიკებზე ძლიერი წვიმის გამო ვერ მოხერხდა.

სიახლეების უმეტესობა მანქანის წინა აეროდინამიკას, კონკრეტულად კი ანტი ფრთებს შეეხო. იაპონიაში ამ ელემენტის რამდენიმე ვერსია ჩაიტანა და რბოლის დროს, უებერის მანქანაზე ყველა გამოსცადა იმ იმედით, რომ საუკეთესო ვერსიას ბრაზილიაში გამოიყენებდა.

შედეგი მართლაც განსაცვიფრებელია - რბოლის უსწრაფესი წრე უებერს ჰქონდა, ვინც ფინიშის ხაზი ბოლომ გადაკვეთა! ეს 50-ე წრეზე მოხდა, როდესაც მის მანქანაზე წინა ანტი ფრთის ის ვერსია ეყენა, რომლის გამოყენებასაც ”რედ ბული” ბრაზილიაში აპირებს!

ასე რომ, ბრაზილიაში ”რედ ბულის” ორივე მანქანა კიდევ უფრო სწრაფი იქნება.

Wednesday, October 7, 2009

აბუ დაბის ტრასას მწვანე შუქი აენთო

Abu Dhabi F1 circuit

7 ოქტომბერი

აბუ დაბის უახლესმა ავტოდრომმა ”იას მარინა ცირკვიტმა”, რომელიც წელს პირველად უმასპინძლებს ფორმულა 1-ის რბოლას, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ინსპექციის მოწონება დაიმსახურა და ოფიციალურად მიიღო ფ1-ის ეტაპის ჩატარებისთვის აუცილებელი ლიცენზია.

აბუ დაბის ეტაპი წლევანდელ სეზონს დაასრულებს. რბოლა 10 ნოემბერს ჩატარდება. ის დღისით დაიწყება და მოსაღამოვებულზე, ხელოვნური განათების შუქზე დასრულდება. ამ მხრივ, ის სინგაპურის ეტაპისგანაც განსხვავდება, რომელიც მთლიანად ღამით, ხელოვნურად განათებულ ტრასაზე ტარდება.

რბოლა 55 წრისგან შედგება. ის ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (ჩვენი დროით 16:00 საათზე) დაიწყება. იმის გათვალისწინებით, რომ წრეზე საშუალო დრო დაახლოებით 1 წუთი და 40 წამი უნდა იყოს, ასპარეზობა შებინდებულზე, 18:30-ზე (იქაური დროით) დასრულდება და რბოლის ორგანიზატორებს ხელოვნური განათების ჩართვა მოუწევთ.

ტრასაზე კოსმეტიკური სამუშაოები ჯერაც მიმდინარეობს, თუმცა ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ აბუ დაბის დიდი პრიზისთვის, ტრასა სრულ მზადყოფნაში იქნება. მათ ოპტიმიზმს FIA-ს რბოლების დირექტორი ჩარლი უაიტინგიც ეთანხმება.

ტრასის მთავარი აღმასრულებელი რიჩარდ კრეგანი აცხადებს, რომ უკვე იმდენი რთული სამუშაო შესრულდა, რომ დარჩენილი საქმე უბრალო გასეირნებად მოჩანს და მათი დროულად დასრულება ეჭვსაც არ იწვევს.

გრანდიოზული ნაგებობა უკვე მოინახულეს ფ1-ის ყოფილმა პილოტებმა - დევიდ კულტჰარდმა და მარტინ ბრანდლმა, ასევე მსოფლიოს სამგზის ჩემპონ აირტონ სენას დისშვილმა ბრუნო სენამ, რომლებმაც ტრასას მაღალი შეფასება მისცეს. მათ ტრასაზე ფორმულა ერთის ბოლიდის ბაზაზე დამზადებული ორადგილიანი ფორმულით, მედიის წარმომადგენლები 300 კმ/სთ სიჩქარით აგრიალეს და თავადაც ამით დიდად ისიამოვნეს.

ამ უქმეებზე ”იას მარინა ცირკვიტი” ფორმულა 1-ის მხარდამჭერ სერია GP2-ის საცდელ რბოლას უმასპინძლებს და კრეგანი იმედოვნებს, რომ ტრასა პირველ დიდ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს.

ალონსოს ადგილს კუბიცა დაიკავებს

Kubica replaces Alonso at Renault F1

7 ოქტომბერი

”ფერარიში” გადასული ფერნანდო ალონსოს ნაცვლად, მერმის ”რენოში” პოლონელი რობერტ კუბიცა დაიკავებს. ფრანგულ გუნდში კონტრაქტის პირობებზე არაფერს ლაპარაკობენ, თუმცა იმას კი ადასტურებენ, რომ ის ძალაში მომავალი სეზონიდან შევა.

მართალია, 24 წლის კუბიცას ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ”ბეემვე ზაუბერმა” ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მას რამდენიმე გუნდმა შესთავაზა გადასვლა და ხელსაყრელი კონტრაქტი. მისი გადაბირება ”ტოიოტას” და ”უილიამსს” სურდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ალონსომ ”რენო” დატოვა, პოლონელმა მისთვის ყველაზე ხელსაყრელად სწორედ ფრანგული გუნდი მიიჩნია.

”ძალიან მიხარია, რომ მერმისიდან ”რენოს” შევუერთდები. ამ გუნდთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, რადგან 2005 წელს სწორედ ”რენოს” მსოფლიო სერია მოვიგე, რის შემდეგაც, ამ გუნდმა ფორმულა 1-ის მანქანის ტესტირების საშუალება მომცა და ფორმულა 1-კენ გზა გამიხსნა. ახლა ძალიან მოტივირებული და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ახალ გუნდთან ერთად, მერმის მოწინავეთა შორის ვიქნები და შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაც კი შევძლო”, - განაცხადა კუბიცამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალონსო დაკარგა, ”რენო” პირობითი ორწლიანი დიასკვალიფიკაციითაც დაისაჯა იმ დაგეგმილი ავარიის გამო, რომელიც სინგაპურის შარშანდელი დიდი პრიზის დროს მოხდა. იმ ინციდენტის გამო, გუნდის ა უკვე ყოფილ შეფ ფლავიო ბრიატორეს სდამუდამოდ აეკრძალა ფ1-სა და იმ სარბოლ სერიებში მოღვაწეობა, რომლებიც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ეგიდით ტარდება. გუნდის ტექნიკურ დირექტორ პეტ სიმონდსს კი ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

კუბიცა ძალიან სწრაფი, უშიშარი და აგრესიული მრბოლია. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ შარშან თავისი პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი გამარჯვება კანადაში, ზუსტად იმ ტრასაზე მოიპოვა, სადაც ერთი წლით ადრე, საშინელ ავარიაში მოყვა და განსაცდელს სასწაულით გადაურჩა.

მართალია, ფორმულა 1-ში ”რენომ” მოიყვანა, მაგრამ კუბიცა არც დაფიქრებულა, როდესაც ”ბეემვე ზაუბერმა” მისი გადაბირება სცადა.

2006 წელს პოლონელმა პილოტმა გერმანულ-შვეიცარიულ გუნდში სარეზერვო პილოტის ადგილი დაიკავა და საპრიზო პილოტიც იმავე წელს, მას შემდეგ გახდა, რაც გუნდი კანადელმა ჟაკ ვილნევმა (მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონმა) დატოვა.

Tuesday, October 6, 2009

მასა წელსვე დაბრუნებას არ გამორიცხავს

Felipe Massa

6 ოქტომბერი

ფელიპე მასა მარანელოში, ”ფერარის” შტაბ-ბინაში დაბრუნდა და მაშინვე განაცხადა, რომ შესაძლოა, ტრასაზე ამ სეზონშივე - აბუ დაბის დიდ პრიზზე დაბრუნდეს.

ბრაზილიელი პილოტი, ვინც თავის ქალის უმძიმესი ტრავმები უნგრეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში მომხდარი ინციდენტისას მიიღო, მარანელოში ტექნიკურ პროგრამას და ფიზიკურ მზადებას დაიწყებს. ის ჯერ სიმულატორის საჭეს მიუჯდება, იქითა კვირიდან კი ორი წლის წინანდელი ”ფერარის” (F2007) ტესტირებასაც დაიწყება. ამასთან ავტომობილი სერია GP2-ის სპეციფიკაციის შესაბამისი საბურავებით აღიჭურვება.

”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას, მასამ გამორიცხა მისთვის საშინაო - ბრაზილიის დიდ პრიზზე დაბრუნება. თუმცა იქვე დასძინა, რომ აბუ დაბის სადებიუტო რბოლაში გამოსვლის იმედს ინარჩუნებს.

”თავს არ დავზოგავ. ჩემი მიზანი აბუ დაბიში ასპარეზობაა. მაგრამ ჯერ FIA-ს ნებართვაც მჭირდება. ბევრი რამ კი F2007-ის ტესტირებაზე იქნება დამოკიდებული, რომლის დროსაც გამოჩნდება, შემიძლია თუ რბოლებში დაბრუნება. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ უნდა ვმართო სარბისარბოლი ავტომობილი. არც შიში მაქვს, რადგან მომხდარი ჩემს მეხსიერებაში არ დარჩენილა. ამჟამად ჩემთვის წრეზე კარგი დროის ჩვენებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ისევ ვმართო სარბოლი ავტომობილი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად მომზადებული მანქანა დამჭირდება”, - ამბობს მასა და დასძენს, რომ თავს იღბლიანად მიიჩნევს, რომ ასეთ კატასტროფას საკმაოდ იოლად გადაურჩა:

”გაცილებით სერიოზული და მძიმე ზიანი შეიძლებოდა მიმეღო. და თუ გავითვალისწინებ, რომ ამჟამად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა. ინციდენტის ჩანაწერი არაერთხელ ვნახე. ისიც ვნახე, როგორ გამოვიყურებოდი ავარიის შემდეგ. ეს შემაძრწუნებელი იყო, მაგრამ გონებაზე არ ვიყავი და ამიტომ, არაფერი მიგრძვნია”.

მასამ ორი სიტყვა თავის ახალ თანაგუნდელზეც თქვა: ”ის მართლაც ძალიან კარგი პილოტია. ჩვენ ძლიერ წყვილს შევქმნით და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის ბოლოს მასზე წინ ვიქნები”.

Monday, October 5, 2009

”უილიამსი” 14 გუნდის წინააღმდეგია

Williams oppose F1 expansion (Reuters)

5 ოქტომბერი

სერ ფრენკ უილიამსი

..............................................................

”უილიამსი” წინააღმდეგია, რომ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობა 14-მდე გაიზარდოს. ასე რომ, ”ბეემვე ზაუბერის” ახალ მფლობელებს თავიანთი რიგის ცდა მანამ მოუწევთ, სანამ ახლანდელი გუნდებიდან რომელიმე ჩემპიონატს დატოვებს.

”ჩემპიონატში ყოველთვის 13 გუნდი მონაწილეობდა და შემდეგშიც ასე იქნება. ”ზაუბერს” ურჩევნია, პირველი რეზერვის სტატუსზე იზრუნოს. ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა. არალოგიკურია, როცა ერთი რომელიმე გუნდისთვის, ან პიროვნებისთვის წესებს ცვლი”, - ამბობს ”უილიამსის” შეფი და თანამოწილე, სერ ფრენკ უილიამსი.

მას შემდეგ, რაც ”ბეემვემ” მსოფლიო ჩემპიონატის დატოვების შესახებ გამოაცხადა, ”ზაუბერმა” დროულად ვერ მოაწერა ხელი თანხმობის ახალ ხელშეკრულებას, რის გამოც, მომავალ ჩემპიონატის მონაწილეთა სიიდან ავტომატურად ამოვარდა. მაგრამ ცოტა ხანში, გუნდის დამაარსებელმა და თანამფლობელმა პეტერ ზაუბერმა ინვესტორი - საინვესტიციო ფონდი ”ქადბაკი” მოიზიდა, რომელმაც გუნდის აქციების გამოსყიდვა ითავა. მაგრამ ჩემპიონატის მონაწილეთა სიაში დაკარგული თავისი ადგილი დაკავებული დახვდა - მის ნაცვლად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ლეგენდარული ”ლოტუსი” დააბრუნა.

პარალელურად, FIA იმაზე ზრუნვასაც შეუდგა, რომ მონაწილეთა სიაში ”ზაუბერი” მე-14 გუნდად შევიდეს. მაგრამ ამას ყველა გუნდის თანხმობა სჭირდება. მანამდე კი შვეიცარული გუნდი პირველი რეზერვის სტატუსით სარგებლობს.

უილიამსი, რომლის გუნდიც ერთ დროს ”ბეემვეს” პარტნიორი იყო და მისგან ძრავებს ექსკლუზიურად ღებულობდა, აცხადებს, რომ ჩემპიონატში 14 გუნდისთვის ადგილი არ არის და ამაზე ფედერაციასთან დისკუსიასაც არ აქვს აზრი, რადგან შესაბამის დებულებას თანხმობის ხელშეკრულება განსაზღვრავს და სრს ფედერაციასა და გუნდებს შორის შეთანხმება. თანხმობის ხელშეკრულების თუნდაც ერთი უმნიშვნელო პუნქტის შეცვლას კი უკლებლივ ყველა გუნდის თანხმობა სჭირდება.

”ეს რომ ”ფერარი” ყოფილიყო, რომელმაც შუა სეზონში მიატოვა ჩემპიონატი და მერე დაბრუნება გადაწყვიტა, ჩვენ რაიმე გზას გამოვნახავდით წესისთვის გვერდის ასავლელად. მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს გუნდთან, რომლის მფლობელთა შესახებაც არაფერი ვიცით. წარმოდგენა არ გვაქვს, რა გეგმები აქვთ მათ. საინტერესოა ვიცოდეთ, ვინ არიან ისინი და რა გეგმები აქვთ ფორმულა 1-თან დაკავშირებით”, - დასძენს უილიამსი.

”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში კი საქმეს სხვა კუთხით უყურებს. ის ფიქრობს, რომ აჩქარება არ ღირს, რადგან ახალი გუნდებიდან რომელიმემ შეიძლება ახალ სეზონამდე ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლოს და მაშინ, ”ზაუბერს” ხელს აღარავინ შეუშლის.

”ამ საქმესთან დაკავშირებით, ერთსულოვნება მოსალოდნელი არაა. ჩვენზე ტრომ იყოს დამოკიდებული, ”ზაუბერის” დაბრუნებას ხელს არ შევუშლიდით, რადგან ეს გუნდი FOTA-ს (ფორმულა ერთის გუნდების ასოციაცია) მუდმივი წევრია. ”ზაუბერის” გამო, მე დავეთანხმებოდი გუნდების რაოდენობის 14-მდე გაზრდას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მსოფლიო ჩემპიონატში 14 გუნდი მეტისმეტად ბევრია”, - ამბობს უიტმარში.

”ბეემვე ზაუბერის” ახლანდელი შეფი მარიო თაისენი კი აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, მალე გაიგოს, თუ რა ელის, რათა სპონსორების მოზიდვასა და პილოტების აყვანაზე იზრუნოს. ”ჯერჯერობით ვიცდით, მაგრამ დრო სულ უფრო ნაკლები გვრჩება. სპონსორებთან და პილოტებთან კონტრაქტებია საჭირო, მანქანა მოსამზადებელია. მოკლედ, ბევრი რამაა გასაკეთებელი, ჩვენ კი ჯერაც გაურკვევლობაში ვართ. არადა, ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს”, - ამბობს დოქტორი თაისენი.

Sunday, October 4, 2009

ვის რა შანსი აქვს

4 ოქტომბერი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. ტიტულისთვის ჯერაც სამი პილოტი იბრძვის. არადა, პირველი შვიდი ეტაპის შემდეგ, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, თუ სეზონის დასრულებამდე ორი რბოლით ადრე, ბრიტანელ ჯენსონ ბატონს ჯერაც არ ექნებოდა ტიტული განაღდებული.

პირველი შვიდი ეტაპიდან ხომ მას ექვსი მოგებული ჰქონდა და თანაც ისეთი სოლიდური უპირატესობით, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ საქმე აქამდე მივიდოდა. მართალია, უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელთან, ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოსთან მას 14 ქულა აშორებს, რაც სოლიდური უპირატესობაა, მაგრამ ხომ გახსოვთ, რა მოხდა ორი წლის წინ? მაშინ ლუის ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო (ორივე ”მაკლარენის” წევრი იყო) ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულს ეცილებოდნენ, გვირგვინი კი ”ფერარის” კიმი რაიკონენმა დაიდგა, ვინც ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, ლიდერ ჰამილტონს 17 ქულით ჩამორჩებოდა.

დღესაც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. ჩემპიონობისთვის ერთი გუნდის (ბრაუნი) ორი პილოტი - ბატონი და ბარიკელო, ასევე ”რედ ბულის” სებასტიან ფეტელი იბრძვიან. ამ უკანასკნელმა ტიტულის მოპოვების შანსი სუზუკაზე მოპოვებული გამარჯვებით შეინარჩუნა და რაიკონენის ჩემპიონიბის ისტორია რომ ახსოვს, იმედი აქვს, რომ თავადაც შესძლებს შეუძლებელს. მითუმეტეს, მანქანაც ამის საშუალებას აძლევს და მეტოქეებსაც გაუბედაობა ეტყობათ.

ახლა კი გადავხედოთ სამივეს მდგომარეობას და რიცხვების და ვარაუდების მოშველიებით, მათი შანსები შევაფასოთ.

ჯენსონ ბატონი

დარჩენილ ორ რბოლაში მისთვის საკმარისი იქნება, თუ რბოლებს მე-6 ადგილზე ქვემოთ არ დაასრულებს. ტუ ის ორივე შემთხვევაში მე-6 ადგილზე გავა, რბოლებს კი ბარიკელო მოიგებს, იინი თანაბარ ქულებს (91) დააგროვებენ, ჩემპიონი კი ბატონი გახდება, რადგან მას 6 რბოლა აქვს მოგებული, ბრაზილიელს კი მხოლოდ 4 გამარჯვება დაუგროვდება.

თუ დარჩენილ ორივე რბოლას ფეტელი მოიგებს, ბატონს ჩემპიონიბისთვის ორივე შემთხვევაში მე-7 ადგილებიც ეყოფა.

რუბენს ბარიკელო

რუბინიუმ ორივე რბოლა უნდა მოიგოს და იმის იმედზე იყოს, რომ მისი თანაგუნდელი ამ ორ რბოლაში 5 ქულაზე მეტს ვერ აიღებს. ბატონმა მეტი ქულა დააგროვა, ჩემპიონიც ულაპარაკოდ გახდება.

თუ ბარიკელო ერთს მოიგებს, მეორეში კი მეორე ადგილს დასჯერდება, მაშინ ბატონმა 3 ქულაზე მეტი ვერ უნდა აიღოს.

სებასტიან ფეტელი

ფეტელს ორი გამარჯვება სჭირდება. ამ შემთხვევაში, ბატონმა 3 ქულაზე მეტი ვერ უნდა დააგროვოს. თუ გერმანელი მხოლოდ ერთს მოიგებს და ერთხელაც მეორე ადგილს დასჯერდება, მაშინ ბატონმა ერთ ქულაზე მეტი ვერ უნდა აიღოს. რაც შეეხება ბარიკელოსთან ურთიერთობას, ფეტელმა ბრაზილიელზე ორი ქულით მეტი უნდა აიღოს და თუ ბატონსაც გაასწრო, მისთვის არც რუბინიუ იქნება ხელის შემშლელი.

დაბოლოს, ბატონი ჩემპიონობას ბრაზილიური ეტაპის შემდეგვე გაინაღდებს, თუ:

- ფინიშთან პირველი, მეორე, ან მესამე მივა;

- თუ მე-4, ან მე-5 იქნება, ბარიკელო კი რბოლას ვერ მოიგებს;

- თუ მე-6, ან მე-7 ადგილს დაიკავებს, ბარიკელო მე-3 ადგილს ვერ ასცდება, ფეტელი კი - მეორე ადგილს;

- თუ ბატონი მხოლოდ ერთ ქულას აიღებს, ბარიკელო მე-4 ადგილზე ზევით ვერ უნდა გავიდეს, ფეტელი კი - მე-3-ზე ზევით;

- და თუ ბატონი რბოლას უქულოდ დაასრულებს, ბარიკელო მე-5 ადგილზე წინ არ უნდა გავიდეს, ფეტელი კი - მე-3-ზე ზევით.

ლოების კატალონიური ტრიუმფი

Rally of Spain

4 ოქტომბერი

ლოები სეზონში მეექვსე გამარჯვებას ზეიმობს

...................................................................................................

სებასტიან ლოებმა ესპანეთის რალი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის მეექვსე ტიტულის მოპოვების რეალური შანსი შეინარჩუნა. კატალონიის ასფალტიან გზებზე ტრიუმფის შემდეგ, მას და ჩემპიონატის ლიდერს, ფინელ მიკო ჰირვონენს მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ და ჩემპიონის ვინაობა ბოლო ეტაპზე - ბრიტანეთის რალიზე გაირკვევა.

ჰირვონენი ესპანეთის რალიზე მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ლოების გარდა, მასზე წინ რბოლა ფრანგის ესპანელმა თანაგუნდელმა დანი სორდომაც დაასრულა. არადა, რბოლის წინ, ”ფორდმა” თავის ავტომობილს ინტენსიური ტესტები ჩაუტარა, რათა ჰირვონენს ”სიტროენელებთან” ტოლსწორად პაექრობის საშუალება ჰქონოდა.

თავიდან თითქოს, ამან სასურველი შედეგი გამოიღო - პირველი სპეცმონაკვეთის შემდეგ, ფინელმა პილოტმა მოწინავე სამეულში, სორდოსა და ლოებს შორის, მეორე ადგილი დაიკავა. მაგრამ მალე ფრანგული გუნდის ეკიპაჟებმა ფინელი ჩამოიტოვეს და ბოლომდე ახლოს აღარც მიუშვიათ.

პირველი ორი დღის შემდეგ, წინ სორდო იყო, მაგრამ შემდეგ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა თანაგუნდელი უკან ჩამოიტოვა და სეზონში მეექვსე გამარჯვებაც მოიპოვა.

ლოები და მისი ნავიგატორი დანიელ ელენა ასპარეზობისას

.................................................................................................................

”ძალიან ძნელი გამარჯვებაა, რადგან დანიელი დღეს ძალიან სწრაფი იყო. ჩვენ ბრძოლა გვინდოდა, მაგრამ მთავარი მაინც ფინიშამდე მიღწევა იყო და ამიტომ, დაძაბული პაექრობა არ გამოგვივიდა”, - განაცხადა ლოებმა.

”ჩემთვის ამ მეორე ადგილსაც დიდი ფასი აქვს, რადგან გუნდის ინტერესებისთვის ვირჯები, სებასტიანს კი გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ,ოკლედ, კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა სორდომ.

მიუხედავად იმისა, რომ ხუთქულიანი უპირატესობა ერთამდე შეუმცირეს, ნარბოლევს ოპტიმიზმი არც ჰირვონენს აკლდა და განაცხადა, რომ ბრიტანეთში ძალიან დაძაბული და საინტერესო პაექრობა ელის.

სხვათა შორის, მას მესამე ადგილის დაკარგვის რეალური საფრთხეც დაემუქრა, რადგან მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა ძველი ”სიტროენ Xსარა” ახალ ”სიტროენ C4-ზე” გაცვალა და კარფგადაც იასპარეზა, თუმცა ფინელს მაინც 18 წამით ჩამორჩა.

ესპანეთის რალის შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:22:14.700

2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) +12.000

3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 54.100

4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 1:12.400

5. სებასტიან ოჟირი (საფრანგეთი, სიტროენი) 1:41.600

6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 2:49.800

7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 7:15.500

8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 8:28.100

9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 9:07.600

10. დანი სნობეკი (საფრანგეთი, პეჟო) 10:56.000

პილოტების კლასიფიკაცია

1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი, 4) – 84; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი, 6) – 83; 3. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) – 58; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი, 1) – 39; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) – 30; 6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) – 29; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) – 25

შენიშვნა: ფრჩხილებში მითითებულია გამარჯვებათა რაოდენობა

კონსტრუქტორთა პირველობა:

1. სიტროენ WRT – 151; 2. ფორდ WRT – 130; 3. ფორდ შტობარტი – 73; 4. სიტროენ ჯუნიორი – 42; 5. ფორდ მუნჩი’ს – 23

მასა ”ფერარის” საჭეს უბრუნდება

Felipe Massa

4 ოქტომბერი

მალე ფელიპე მასა ფორმულა ერთის ავტომობილის საჭეს დაუბრუნდება. ”ფერარიმ” დაადასტურა, რომ ბრაზილიელი პილოტი ავარიიდან პირველ ტესტს 2007 წლის ”ფერარის” საჭესთან, ფიორანოში ჩაატარებს. ოღონდ, ეს როდის მოხდება, ამას იტალიური გუნდი არ აკონკრეტებს, რადგან მასას მორიგი სამედიცინო შემოწმება აქვს გასავლელი, რომელმაც რბოლებში დაბრუნების ვიზა უნდა მისცეს.

როგორც ამბობენ, მასა უკვე სრულად გამოჯანმრთელდა უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციისას მომხდარ ავარიაში მიღებული თავის ქალის უმძიმესი ტრავმისგან. სამედიცინო შემოწმებას მასა რამდენიმე დღეში გაივლის და მისი ხელმეორე სარბოლო ნათლობაც სწორედ ამის შემდეგ დაინიშნება.

რამდენადაც სეზონის განმავლობაში და სეზონის დასრულების შემდეგაც, თებერვლამდე ოფიციალური ტესტები აკრძალულია, მასას წლევანდელი მანქანის გამოცდის უფლება არ აქვს, თუმცა ეს მისი მიზანი არცაა. პირველ ეტაპზე, მისთვის უფრო მთავარი სარბოლ ავტომობილთან, მის სიჩქარესთან შეგუება და ავტომრბოლის თვისებების აღდგენაა.

”ფერარის” შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, შანსი არაა იმისა, რომ მასა ფორმულა 1-ს ბრაზილიის დიდი პრიზისთვის დაუბრუნდეს. რაც შეეხება აბუ დაბის ეტაპს, რომელიც ერთი თვის შემდეგ ჩატარდება, ამასთან დაკავშირებით, დომენიკალის ჯერ ზუსტი პასუხი არ გააჩნია.

”ჯერ ისიც არ ვიცი, პირველ ტესტირებას როდის გაივლის. ფელიპე მარანელოში ხვალ ჩამოვა და გუნდთან ერთ კვირას გაატარებს. ის აქ ფიზიკურ ვარჯიშებს გააგრძელებს და სიმულატორზეც დაჯდება. და სანამ სარბოლი ავტომობილის საჭეს მიუჯდება, FIA-ს სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს. ყველაფერ ამას ჩვენ ამ კვირაში გადავწყვეტთ. რაც ახლა შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ბრაზილიაში ის არ იასპარეზებს. აბუ დაბი? ესეც თითქმის გამორიცხულია. ჩვენი მიზანი მომავალი სეზონის პირველი ეტაპი - ბაჰრეინია”, - ამბობს დომენიკალი.

”ფერარის” შეფი დასძენს, რომ ტესტების მიზანი დროზე გამოკიდება არ იქნება. უბრალოდ, მასას სარბოლი ავტომობილის მართვისას მიღებულ გადატვირთვებთან თანდათან შეგუება მოუწევს. და რამდენადაც მიმდინარე სეზონის მანქანის ტესტირება სასტიკად იკრძალება, ამისთვის ბრაზილიელ პილოტს ძველ მანქანას დაუქირავებენ. სხვათა შორის, მსგავსი ტესტი მისი ავარიის შემდეგ, მიხაელ შუმახერმაც გაიარა, რომელმაც ფ1-ში შესაძლო დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ორი წლის წინანდელი ”ფერარით” ვარჯიშის შემდეგ მიიღო.

”ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ ფელიპე ფიზიკურად მომჯობინდა. უკვე მივმართეთ FIA-ს, რათა წესების დარღვევა გამოგვერიცხა და იქიდან ნებართვა მივიღეთ. ასე რომ, როდესაც ამისთვის მზად ვიქნებით, ფიორანოს ტესტებსაც მაშინვე დავნიშნავთ. მათი მიზანი ხომ ისაა, რომ ვნახოთ, რამდენად შეეგუება მისი სხეული ფ1-ის ავტომობილის მართვას”, - ამბობს დომენიკალი და იმედოვნებს, რომ მასას ჩაფხუტის მორგების შემდეგაც არ შეექმნება პრობლემა.

ბრაზილიელმა პილოტმა სარბოლი ჩაფხური რამდენიმე დღის წინ უკვე მოირგო, როდესაც გრანია ვიანას (ბრაზილია) კარტდრომზე კარტით ივარჯიშა. როგორც თავად განაცხადა, ჩაფხუტს მისთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია.

ფეტელმა გაიმარჯვა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა

Japan GP

4 ოქტომბერი

გერმანელი სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მე-15 ეტაპი - იაპონიის დიდი პრიზი. ”რედ ბულის” პილოტმა სტარტი პოულ პოზიციიდან აიღო და მთელი რბოლის განმავლობაში, წინ არავინ გაუშვია. სეზონში მოპოვებული მესამე გამარჯვებით კი, მან ჩემპიონობის თეორიული შანსი შეინარჩუნა.

”ეს ჯერაც შესაძლებელია. კარგი იქნებოდა, რომ ერთი-ორი რბოლით მეტი გვქონდეს დარჩენილი, მაგრამ ახლაც ჩემპიონობის შანსს ვინარჩუნებთ და დღევანდელი გამარჯვება იმის ნიშანია, რომ შანსი ჯერაც გვაქვს. ჩვენ შესანიშნავი მანქანა გვაქვს, რომელიც რბოლიდან რბოლამდე უმჯობესდება. ჩვენს ბაზაზე დაუღალავად მუშაობენ, რომ მიზანს მივაღწიოთ. ასე რომ, ყველაფერი ინ გვაქვს”, - ნარბოლევს განაცხადა ფეტელმა, ვინც ჩემპიონატის დასრულებამდე ორი რბოლით ადრე, ლიდერ ჯენსონ ბატონს 16 ქულით ჩამორჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ბატონი თუნდაც ოთხ ქულას აიღებს, ფეტელი მისი გამსწრები აღარაა.

ისევე როგორც სინგაპურში, იაპონიაშიც კვარცხლბეკის მეორე საფეხური ”ტოიოტას” პილოტმა დაიკავა. ოღონდ, ამჯერად ეს იტალიელმა იარნო ტრულიმ შეძლო, ვინც სტარტიც მეორე პოზიციიდან აიღო, თუმცა პირველ მოსახვევამდე წინ მსოფლიოს ჯერაც მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰამილტონი გაუშვა. მაგრამ მეორე პიტ სტოპის შემდეგ, დაკარგული პოზიცია აღიდგინა და ის ფინიშამდე იოლად შეინარჩუნა. რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ტრულიმ რბოლას ”საკვალიფიკაციო” უწოდა, რადგან მისი თქმით, საკვანძო მომენტებში მისი მთავარი მეტოქე, ისევე როგორც კვალიფიკაციებზე, დრო იყო.

რა შეეხება ჰამილტონს, ბრიტანელმა დაიჩივლა, რომ მეორე პიტ სტოპის შემდეგ, მის მანქანაზე მწყობრიდან სისტემა კერსი გამოვიდა. ”სეიფტი ქარის ტრასაზე ყოფნისას, გუნდს რადიოკავშირით ვუთხარი, რომ კერს-ის გარეშე დავრჩი. რესტარტზე მე ის მჭირდებოდა, რათა იარნოსთვის გასწრების შანსი მქონოდა. ამის გარეშე, ბოლო მოსახვევიდან გამოსასვლელში მას ძალიან უნდა მივახლოებოდი, რომ სწორზე გასწრების შანსი გამჩენოდა, მაგრამ არც ეს გამომივიდა”, - ნარბოლევს ყვებოდა ჰამილტონი.

რბოლა ქულებში დაასრულა კონსტრუქტორთა პირველობის ლიდერის, ”ბრაუნის” ორივე პილოტმა - რუბენს ბარიკელო მეშვიდეზე, ჯენსონ ბატონი კი მერვეზე გავიდნენ, რის შემდეგაც აღდგა სინგაპურის დიდი პრიზისწინა სტატუს ქვო და ბრიტანელი ახლა ბრაზილიელ თანაგუნდელს ისევ 14 ქულას უგებს. სასწაული უნდა მოხდეს, რომ მან ესოდენ სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება ვერ შესძლოს. თუმცა, ფ1-ში ყველაფერი ხდება.

სხვათა შორის, კვალიფიკაციის შემდეგ, ორივე პილოტი ხუთი ადგილით უკან დასწიეს, რის შედეგადაც, გაცილებით უარეს მდგომარეობაში ბატონი აღმოჩნდა - მან რბოლა მე-11 ადგილიდან დაიწყო, ბარიკელო კი სტარტზე მე-6 დადგა (FIA-ს უცნაური სისტემის წყალობით). თუმცა, რბოლის მსვლელობისას, ბრიტანელმა საგრძნობლად წინ წაიწია, რაშიც მეტოქეებმაც შეუწყვეს ხელი.

ჯერ იყო და, სტარტიდან ცოტა ხანში, მის წინ მიმავალი რობერტ კუბიცა შეცდა, რის შემდეგაც მისი გასწრება ტექნიკის საქმე იყო. შემდეგ, ადრიან სუტილმა და ჰეიკი კოვალაინენმა იმდენი იბრძოლეს, სანამ ერთმანეთს დაეჯახნენ, ბატონმა კი ორივეს გაასწრო.

მოკლედ, იაპონური რანდევუს შემდეგ, ბატონი ბარიკელოს 14 ქულას უგებს, ფეტელს კი - 16-ს. ეა კი იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონობის გასანაღდებლად, ბრიტანელს 6 ქულაღა სჭირდება. თითქმის გაინაღდა კონსტრუქტორთა თასი ბრაუნ GP-მ”, რომელსაც მიზნის მისაღწევად, დარჩენილ ორ ეტაპზე ერთადერთი ქულაც ეყოფა.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა, მე-16 ეტაპს ბრაზილიის ქალაქ სან პაულუს ავტოდრომი ინტერლაგუში ორ კვირაში უმასპინძლებს.

იაპონიის დიდი პრიზი

სუზუკა. დისტანცია 305.416 კმ (4.558 კმ - 67 წრე)

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:28:20.443

2. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) + 4.877

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) + 6.472

4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) + 7.940

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) + 8.793

6. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) + 9.509

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) + 10.641

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) + 11.474

9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) + 11.777

10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) + 13.065

11. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) + 13.735

12. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) + 14.596

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) + 14.959

14. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) + 15.734

15. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) + 17.973

16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) + 1 წრე

17. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) + 2 წრე

გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) + 9 წრე

გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) + 41 წრე

ა. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) + 67 წრე

უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:32.569 (50-ე წრე)

შენიშვნა: გ. - გამოეთიშა; ა. - არ უასპარეზია

პილოტთა კლასიფიკაცია:

1. ჯენსონ ბატონი - 85; 2. რუბენს ბარიკელო - 71; 3. სებასტიან ფეტელი - 69; 4. მარკ უებერი - 51.5; 5. კიმი რაიკონენი - 45; 6. ლუის ჰამილტონი - 43; 7. ნიკო როსბერგი - 34.5; 8. იარნო ტრული - 30.5; 9. ფერნანდო ალონსო - 26; 10. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) - 24; 11. ფელიპე მასა - 22; 12. ჰეიკი კოვალაინენი - 22; 13. ნიკ ჰაიდფელდი - 15; 14. რობერტ კუბიცა - 9; 15. ჯანკარლო ფიზიკელა - 8*; 16. ადრიან სუტილი - 5; 17. სებასტიან ბუემი - 3; 18. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო) - 2; 19. კაზუკი ნაკაძიმა - 0; 20. ნელსონ პიკე (ბრაზილია, რენო) - 0; 21. ვიტანტონიო ლიუცი - 0; 22. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) - 0; 23. რომენ გროჟანი - 0; 24. ხაიმე ალგერსუარი - 0

კონსტრუქტორთა პირველობა:

1. ბრაუნ-მერსედესი - 156; 2. რედ ბულ-რენო - 120.5; 3. ფერარი - 67; 4. მაკლარენ-მერსედესი - 65; 5. ტოიოტა - 54.5; 6. უილიამს-ტოიოტა - 34.5; 7. რენო - 26; 8. ბეემვე ზაუბერი - 24; 9. ფორს ინდია-მერსედესი - 13; 10. ტორო როსო-ფერარი - 5