ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, May 8, 2011

ფეტელმა თურქეთის დიდი პრიზის მწვერვალს მიაღწია

Vettel delights in Turkish one-two for Red Bull

8 მაისი

სწორედ ასე შეიძლება ითქვას, რადგან გერმანელმა პილოტმა თურქეთის დიდი პრიზის კვალიფიკაცია შარშან და შარშანწინაც მოიგო, მაგრამ რბოლაში ორივეჯერ ხელი მოეცარა, ახლა კი კარგად დაწყებული საქმე, ბრწყინვალედ დააგვირგვინა. ამ გამარჯვებით, მსოფლიო ჩემპიონმა თავისი ქულათა მონაგარი 93-მდე გაზარდა და ახლა ის მეორეზე მყოფ ლუის ჰამილტონს, ვინც ისტანბულ პარკზე მეოთხე შედეგს დასჯერდა, 34 ქულას უგებს.

ფეტელმა სტარტზევე შეძლო წინ გაჭრა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. მთელი რბოლა მან ისე ჩაატარა, რომ მეტოქეებს მიახლოების საშუალებაც კი არ მისცა. გამარჯვებულისგან განსხვავებით, მეორე ადგილის დაკავება გაუჭირდა მის თანაგუნდელ მარკ უებერს, რომელმაც ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე შეძლო ფერნანდო ალონსოს გასწრება. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიელი მრბოლისთვის, ეს ამ სეზონში საუკეთესო შედეგია.

„ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო, რომ ბრძოლა ფერნანდოსთან მომიხდა. მან შესანიშნავად ირბოლა. თუმცა რბოლის მიწურულს, მე უფრო ახალი საბურავები მქონდა და ამის წყალობით ვაჯობე. სები შესანიშნავი იყო. დღეს მას ბადალი არ ჰყავს“, - განაცხადა უებერმა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო, თავისი გამოსვლით ალონსოც კმაყოფილი დარჩა. სხვა თუ არაფერი, ამ სეზონში, ეს „ფერარის“ პირველი საკვარცხლბეკო ფინიში იყო. „დღეს გამოჩნდა, რომ გუნდი სწორ გზას დაადგა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯია“, - განაცხადა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა.

საინტერესოა, რომ თურქეთის მეშვიდე დიდი პრიზიც იმ პილოტმა მოიგო, რომელმაც სტარტი პირველი რიგიდან აიღო. ფეტელისთვის ეს კარიერაში მოპოვებული მე-13 გამარჯვებაა, ბოლო რვა რბოლაში კი - მეექვსე. დაკიდევ, „რედ ბულმა“ ისტანბულ პარკზე პირველი გამარჯვება იზეიმა. არადა, მისთვის სარბოლი უქმეები ცუდად დაიწყო - პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე მანქანა დაამტვრია და ამის გამო, მეორეზე ტრასაზე არც გამოჩენილა.

ნიკო როსბერგმა, ვინც კვალიფიკაციაზე დაკავებული მესამე ადგილით, „მერსედესის“ ხელმძღვანელობა გაახარა, ამჯერად მეხუთე ადგილს დასჯერდა. მან უკან მოიტოვა ჯენსონ ბატონი, რომელიც მოწინავე ექვსეულიდან, ერთადერთმა შეასრულა სამი პიტსტოპი. დანარჩენები კი ბოქსებში ოთხჯერ შევიდნენ.

კარგად იასპარეზა იაპონელმა კამუი კობაიაშიმ, ვინც კვალიფიკაციაზე ერთი სწრაფი წრის გავლაც ვერ შეძლო და ამიტომ, რბოლა ბოლო ადგილიდან დაიწყო, თუმცა ფინიშის ხაზი მეათემ გადაკვეთა. მისი ეს შედეგი მით უფრო აღსანიშნავია, რომ კამუიმ „ფერარის“ ფელიპე მასა და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი ჩამოიტოვა.

შუმი რბოლისას რუს ვიტალი პეტროვს შეეჯახა და ამ დროს, მის „მერსედესს“ წინა ფრთა დაუზიანდა, რის შემდეგაც, გერმანელს თავი ბევრი არაფრით გამოუჩენია. ნარბოლევს კი რუსთან შეჯახება საკუთარ შეცდომას დააბრალა.


თურქეთის დიდი პრიზი

ისტანბულ პარკი. ტრასის სიგრძე 5.338 კმ, დისტანცია 309.396 კმ (58 წრე)

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:30:17.558

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) +00:08.807

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:10.075

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:40.232

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:47.539

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:59.431

7. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 01:00.857

8. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 01:08.168

9. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 01:09.394

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:18.021

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 01:19.823

12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 01:25.444

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე

14. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1 წრე

15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1 წრე

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1 წრე

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2 წრე

20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 2 წრე

21. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 3 წრე

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 5 წრე

გ. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 14 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 58 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: მარკ უებერი 1:29.703, 48-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 93 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 59; 3. მარკ უებერი - 55; 4. ჯენსონ ბატონი - 46; 5. ფერნანდო ალონსო - 41; 6. ფელიპე მასა - 24; 7. ნიკ ჰაიდფელდი - 21; 8. ვიტალი პეტროვი - 21; 9. ნიკო როსბერგი - 20; 10. კამუი კობაიაში - 8; 11. მიხაელ შუმახერი - 6; 12. სებასტიან ბუემი - 6; 13. ადრიან სუტილი - 2; 14. პოლ დი რესტა - 2

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 148 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 105; 3. ფერარი - 65; 4. რენო - 42; 5. მერსედესი - 26; 6. ზაუბერ-ფერარი - 8; 7. ტორო როსო-ფერარი - 6; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 4

3 comments:

  1. ეტყობა საინტერესო რბოლა იყო.. აფსუს როგორ გამომრჩა!

    ReplyDelete
  2. zalian gtxovt teqsti ise werot rom kargad chandes, marjvena mxares sityvebi ar chans.

    ReplyDelete
  3. ვეცდები გავასწორო, მაგრამ ეგ გუგლის ბლოგსპოტის ბრალი უნდა იყოს...

    ReplyDelete